კანონი სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს. შესაბამისად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ გაიცემა.
კანონის თანახმად, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, აგრეთვე, პირებზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - ატესტატი.
შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი ვერ დაუჭირა.
როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა განაცხადეს, დარბაზში ცუდი აკუსტიკის გამო, მათ კენჭისყრის შესახებ ვერ გაიგეს და შესაბამისად, კანონპროექტი ჩავარდა.

























