სკვერები, რომელთა რეაბილიტაცია თბილისში წელს იგეგმება
BM.GE
09.06.18 16:30
• 4683
თბილისის მერია მიმდინარე წელს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის 91 მლნ 242 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს, კონკრეტულად გამწვანების ღონისძიებებისთვის კი - 23 მლნ 935 ათასი ლარის.
BM.GE დაინტერესდა, კონკრეტულად რომელი ბაღებისა და სკვერების რეაბილიტაცია იგეგმება.
"მიმდინარე წელს იგეგმება შემდეგი ბაღებისა და სკვერების რეაბილიტაცია: გოძიაშვილის პარკი - 2, 497, 152.00 ლარი; გლდანის მე-6 მ/რ, სკვერი - 1, 057, 544.00 ლარი, წურწუმიას ქუჩა N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერი - 339,368.00/ 320,000.00 ლარი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N47 და N49 კორპუსებს შორის არსებული სკვერი - 60 000 ლარი", - ნათქვამია მერიის მიერ BM.GE-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ჩამოთვლილ სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახური ახორციელებს.
გარდა ამისა, როგორც მერიაში განმარტავენ, ათობით სკვერის განახლება-აღდგენას და ახალი სკვერის მოწყობას რაიონული გამგეობები ახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ინიციატივით, დედაქალაქში, იმ ავტოფარეხების ნაცვლად, რომელთა დემონტაჟიც მფლობელების თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება, გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე სკვერების მოწყობაა დაგეგმილი.