ქართული ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი "სმაკი" ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან B2B გამოფენაზე - Coterie New York-ზე მიიწვიეს. ბრენდის კრეატიული დირექტორის თქმით, "სმაკი" ერთადერთი ქართული მოდის ბრენდია, რომელიც აღნიშნულ მასშტაბურ ღონისძიებაზე წარდგება.
მაია სირაძე BM.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ Coterie New York-ის ორგანიზატორებმა "სმაკი" თავად აღმოაჩინეს და ბრენდის თანამედროვე მიმართულებით დაინტერესდნენ.
"მოწვევა სრულიად მოულოდნელად მივიღე - ჩემი მხრიდან აქტიური განაცხადი არ ყოფილა. Coterie-ს ორგანიზატორებმა თავად აღმოაჩინეს ჩემი შემოქმედება, მოეწონათ ბრენდის მიმართულება, სადაც თანამედროვე მოდა და ხელოვნება ერწყმის ერთმანეთს, და ნამუშევრები თავად შეარჩიეს. ახლა უკვე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ვიდეოზარებით და მათი მხრიდან ძალიან დიდი სურვილია, რომ ამ გამოფენაში მონაწილეობა მივიღო", - ამბობს "სმაკის" კრეატიული დირექტორი.
გამოფენა ნიუ-იორკში 9-11 სექტემბერს ჩატარდება. Coterie New York მოდის სექტორში წამყვანი საერთაშორისო B2B პლატფორმაა, სადაც ამერიკელი ბაიერები და ბუტიკები ახალ ბრენდებს ეძებენ.
Coterie New York-ის გარდა, სექტემბერშივე ნიუ-იორკში კიდევ ერთი მოდის ჩვენება იმართება, სადაც "სმაკი" მიწვეულის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ამ ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია GeoInStyle-ია, რომელთან თანამშრომლობითაც ბრენდს ამერიკულ ბაზარზე გასვლის გამოცდილება უკვე აქვს.
"GeoInStyle არის კომპანია, რომელმაც მოგვცა საშუალება, აშშ-ის ბაზარზე შევსულიყავით. სწორედ მათი ხელშეწყობით მივიღე მონაწილეობა დენვერისა და კაროლინას მოდის კვირეულებზე, ასევე ნიუ-იორკ ფეშენ ვიქზე. სექტემბერში GeoInStyle ნიუ-იორკში კიდევ ერთ ჩვენებას აწყობს, სადაც მიწვეული ვარ და ვიღებ მონაწილეობას", - აცხადებს მაია სირაძე.
"სმაკი" ქართულ ბაზარზე უკვე 8 წელია ოპერირებს და მომხმარებელს ხელით დამუშავებულ, ექსკლუზიურ და ინდივიდუალურ კოლექციებს სთავაზობს. ბრენდს საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირების დიდი გამოცდილება აქვს - პანდემიამდე "სმაკი" ბერლინის მაღაზიებს ამარაგებდა, ამჟამად კი პროდუქციას ონლაინ გაყიდვების არხებით მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ყიდის.
"ბრენდის მთავარი კონცეფცია ინდივიდუალური, ხელით დამუშავებული კოლექციებია - თითოეულ ნამუშევარში უზარმაზარი ემოცია, ხასიათი და ბუნება დევს, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩემს პიროვნებას. "სმაკი" ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, რადგან თავისი ხელწერით ყველგან გამოირჩევა. ამას ადასტურებს ის უკუკავშირი, რასაც საერთაშორისო ასპარეზზე ვიღებთ - იქნება ეს ორი წლის წინ ნიუ-იორკის ფეშენ შოუ, კანის კინოფესტივალის ფარგლებში გამართული ღონისძიებები თუ სხვა ჩვენებები. ინტერესი "სმაკის" ხელნაკეთი ნამუშევრების მიმართ მუდმივად დიდია", - ამბობს მაია სირაძე.
მაია სირაძის განცხადებით, მიუხედავად ინდუსტრიაში არსებული გამოწვევებისა, Coterie-ს გამოფენაზე ამერიკელი ბაიერების მხრიდან დაინტერესებისა და მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში, ბრენდი წარმოების გაფართოებისა და დიდი შეკვეთების მიღებისთვის სრულად მზადაა.
"მთავარია, ადამიანს ჰქონდეს მიზანი, რომ მიაღწიოს დიდ წარმატებას და მსოფლიო დაიპყროს. აბსოლუტურად მზად ვართ იმისთვის, რომ გაზრდილ მოთხოვნას სრულფასოვნად გავუმკლავდეთ - ამის გუნდური რესურსიც გვაქვს.
მთავარი გამოწვევა ხშირად ადგილობრივ ბაზარზე ნედლეულისა და ქსოვილის სტაბილური მოწოდებაა, ხშირად არის დეფიციტი. თუმცა ალტერნატიულ გზებს ყოველთვის ვპოულობთ. კადრების დეფიციტი კი, ჩვენ შემთხვევაში, პრობლემა არ არის, ძალიან კარგი და შრომის მოყვარე გუნდი გვყავს და ნებისმიერ გამოწვევას ერთად ვუმკლავდებით", - აღნიშნავს მაია სირაძე.
"სმაკის" კრეატიული დირექტორის შეფასებით, აშშ-ის ბაზარზე ქართული ბრენდის აქტიური პოზიციონირება და მსოფლიო დონის B2B პლატფორმებზე მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ ბრენდის განვითარებისთვის, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული მოდის ინდუსტრიის ცნობადობის ასამაღლებლად.


























