ჰოლდინგმა “სმარტ კაპიტალ გრუპმა” 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. კომპანიის საკონტროლო - 51%-იან პაკეტს 2021 წლის ჩათვლით ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილი ფლობდა, 2022 წელს კი კომპანიის აქციების 50-50%-იანი წილის მფლობელები მისი შვილები მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილები გახდნენ.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში “სმარტ კაპიტალ გრუპის” შემოსავალი 202 მილიონი ლარი იყო, კომპანიის წმინდა მოგებამ კი 19.2 მილიონი ლარი შეადგინა. 2021-თან შედარებით ჯგუფის შემოსავალი 25 მილიონი ლარით არის გაზრდილი, წმინდა მოგება 1.4 მილიონი ლარით არის შემცირებული.
“სმარტ კაპიტალ გრუპის” შემოსავალი, ძირითადად, თამბაქოს ნაწარმის და ალკოჰოლური პროდუქტების გაყიდვისგან შედგება. თამბაქოს მიმართულებით, კომპანიის საკუთრებაშია კომპანია “თბილისის თამბაქო”, რომელიც სიგარეტი “პირველის” ბრენდით არის ბაზარზე წარმოდგენილი. “თბილისის თამბაქოსთან” ერთად, “სმარტ კაპიტალი” ასევე ფლობს მის სადისტრიბუციო კომპანია “გეოდისტრიბუციას”.
ალკოჰოლური პროდუქტების მიმართულებით კი, ივანე ჩხარტიშვილის ჰოლდინგი "შილდას" ღვინის ქარხანას ფლობს. ასევე, “თელავი დისტილერის”, “ქართული ვაზისა და ღვინის კომპანიას” ფლობს. კომპანიის "შილდაში" მდებარე ღვინის ქარხანას წლიურად 7 მილიონი ბოთლის ჩამოსხმა შეუძლია.
კომპანიის საოპერაციო ამონაგები ასე ნაწილდება:
● შემოსავალი თამბაქოს პროდუქციის გაყიდვიდან - 184.5 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან ₾14 მლნ;
● შემოსავალი საწვავის ტრანსპორტირების სერვისიდან - 7 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან ₾2 მლნ;
● შემოსავალი ღვინის პროდუქციის გაყიდვიდან - 4.6 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან ₾2 მლნ;
● სხვა შემოსავალი - 6.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 4.9 მილიონი ლარი
● ჯამი - 202.4 მილიონი ლარი.
რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კი 159 მილიონი ლარი იყო. კომპანიის ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები 16.5 მილიონ ლარს შეადგენდა, ფინანსური ხარჯები კი 5 მილიონი ლარი იყო. კომპანიის აქტივები - ₾161 მილიონია, ხოლო ვალდებულებები 96 მილიონი ლარი.
“ჯგუფის აქტივები საკმაოდ დივერსიფიცირებულია, მათ შორისაა ხუთი ძირითადი სექტორი: ენერგეტიკა და ნავთობი, უძრავი ქონების და სასტუმროების განვითარება და მენეჯმენტი, სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტი, ტექნოლოგია, წარმოება და ლოგისტიკა”, - ნათქვამია ჯგუფის ფინანსურ ანგარიშში.