მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SME, ენერგოპროექტები, ქიმიური მრეწველობა... - რა მიმართულებების დაფინანსებას გეგმავს IFC საქართველოში?

ალფონსო გარსია მორა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საქართველოში ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მოქმედი კერძო სექტორის ფინანსურ ხელშეწყობას გეგმავს.

„საუბარია კერძო და არა საჯარო სექტორის დაფინანსებაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონალურ ვიცე-პრეზიდენტს, ალფონსო გარსია მორას შეხვედრის შემდეგ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება ქართული ბანკების მეშვეობით, უშუალოდ IFC-ის მხრიდან ენერგოპროექტების და მსხვილი ინდუსტრიული წარმოებების განვითარების ხელშეწყობა - ეს ის სამი მიმართულებაა, რომელსაც ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, IFC დააფინანსებს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საქმიანობა საქართველოში და მიმდინარე და სამომავლო პროექტები. ყურადღება გამახვილდა კორპორაციის პრიორიტეტებზე ქვეყნის კერძო სექტორის დაფინანსების კუთხით ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი და დაკავშირებადობა, შუა დერეფნის შემდგომი განვითარება და სხვ.

როგორც შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, კორპორაცია ქართულ მხარესთან კოორდინაციით განიხილავს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით საქმიანობას.

„ერთ-ერთია მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტება კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებებით. მას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის დაფინანსებით საქართველოში არსებული ბანკები განახორციელებენ.

მეორე მიმართულებაა უფრო მსხვილი პროექტები ცალკეულ პრიორიტეტულ დარგებში, რომელთაც უშუალოდ კორპორაცია დააფინანსებს. საუბარია კერძო და არა საჯარო სექტორის დაფინანსებაზე. გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები - ძირითადად, საუბარია ენერგოპროექტებზე, რომელთაც კერძო კომპანიები განახლებადი ენერგეტიკის კუთხით განავითარებენ. კიდევ მიმართულება, სადაც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ასევე საინტერესო თანამშრომლობა იგეგმება, წარმოებების ხელშეწყობა და განვითარებაა. მათ შორის, ისეთი მსხვილი ინდუსტრიული დარგების, როგორიცაა მინერალური სასუქების წარმოება, ქიმიური მრეწველობა,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან ისეთი პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებიც გაზრდის საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის როლს. კერძოდ, საუბარია ახალი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე.

„ჩვენ ამ კუთხითაც ვხედავთ კერძო ინვესტიციების დიდ პოტენციალს. კორპორაცია ამ სექტორშიც კერძო ინვესტიციების მხარდამჭერი იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერილი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის მეტად განვითარებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.

ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები