sms რეკლამის უკანონოდ გაგზავნის ფაქტზე წელს 11 ორგანიზაცია დაჯარიმდა. ამის შესახებ საქმის კურსს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში" განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში ინსპექტორის აპარატში პირდაპირ მარკეტინგულ შეტყობინებებთან დაკავშირებით სულ 37 შეტყობინება შევიდა.
11 განცხადების საფუძველზე ორგანიზაციებს დაეკისრათ ჯარიმა, 7 შემთხვევაში კი მიეცათ გაფრთხილება. საქმეების ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1-ელ აგვისტოს მიიღო. შედეგად, მოქალაქეს შეუძლია პირდაპირ მარკეტინგზე (sms, e-mail) უარი თქვას იმავე ფორმით, როგორითაც რეკლამას იღებს.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მოქალაქისგან მოთხოვნას მიიღებს, რომ მის მიმართ სარეკლამო სმს-ს შეტყობინების გაგზავნა შეწყდეს, ორგანიზაცია ვალდებულია, ათი სამუშაო დღის ვადაში, ნომრის დაბლოკვა უზრუნველყოს. შესაბამისად, მოქალაქეს მსგავსი ტიპის შეტყობინება აღარ უნდა მიუვიდეს.
კომპანიის მიერ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოქალაქეს უფლება აქვს, კომპანიის მიმართ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში საჩივარი შეიტანოს.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონით დადგენილი წესების დარღვევა იწვევს კომპანიის დაჯარიმებას 3000 ლარით, ხოლო თუ კომპანია 1 წლის განმავლობაში კვლავ დაარღვევს კანონს, ჯარიმა 10 000 ლარია.

























