მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Snap-მა საწარმოო ბაზრისთვის $2,000-იანი AR-სათვალე წარადგინა

Snap-ის სათვალე

ტექნოლოგიურმა კომპანია Snap-მა კორპორაციული სეგმენტისთვის გათვლილი გაფართოებული რეალობის სათვალე Specs-ი ოფიციალურად წარადგინა. როგორც ირკვევა, $2,000-იანი მოწყობილობის საწარმოო ბაზარზე გასატანად კომპანიამ პარტნიორობა Nvidia-სთან, Amazon Web Services-სა და Salesforce-თან გააფორმა.

Snap-ის აღმასრულებელი დირექტორის, ევან შპიგელის განმარტებით, ახალი ინიციატივა მიზნად Specs-ის ჩვეულებრივი კამერიანი სათვალის ნაცვლად მის სრულფასოვან კომპიუტერად დამკვიდრებას ისახავს. ხელმძღვანელის თქმით, ეს მოწყობილობა ტექნიკოსებსა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს დაეხმარება, რთული მოწყობილობების შეკეთების პროცესში ციფრული ინსტრუქციები რეალურ დროში მიიღონ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კორპორაციულ სეგმენტში Snap-ი მთავარ მეტოქეებად Microsoft-ის HoloLens-ს და Meta-ს Quest-ის ხაზის მოწყობილობებს მიიჩნევს. ცნობისთვის, ამ პროდუქტებმა ბაზარზე მასშტაბური წარმატების მიღწევა ვერ შეძლო. შპიგელის შეფასებით, კონკურენტების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი მოწყობილობების დიდი ზომა და სიმძიმე იყო. ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, Snap-ი თავის დამკვიდრებას სწორედ კომპაქტური დიზაინითა და პრაქტიკული ფუნქციონალით გეგმავს.

რაც შეეხება ტექნოლოგიურ პარტნიორობას, Nvidia-სთან თანამშრომლობა ღია კოდის მქონე XR ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის ინტეგრაციას ითვალისწინებს. Salesforce-თან და Amazon Web Services-თან ერთობლივი მუშაობა კი ბიზნესებისთვის დამოუკიდებლად მოქმედი აგენტური პლატფორმებით სარგებლობას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, სიახლის ფონზე Snap-ის აქციების ფასი 2.97%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები