აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის შვილობილი საქართველოში SOCAR Georgia Gas 2025 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის გაზიფიცირების მაჩვენებელს 88%-მდე გაზრდის. ინფორმაციას BMG-ის აზერბაიჯანის ბიურო კომპანიის 2023 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
დოკუმენტის მიხედვით, 2008 წლისთვის საქართველოს გაზიფიცირების მაჩვენებელი 46% იყო, 2024 წლის ბოლოსთვის კი SOCAR Georgia Gas-ის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად ეს მაჩვენებელი 88%-ს მიაღწევს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანიის შესრულებული სამუშაოების შედეგად, საქართველოში 2009 წლიდან აბონენტების რაოდენობა 71 000-დან 2024 წლისთვის 870 000-მდე გაიზარდა.
ინფორმაციისთვის, 2007-2023 წლებში SOCAR Georgia Gas-მა საქართველოში 11 200 კილომეტრის ახალი მილსადენი მოაწყო. თბილისის გარდა, საქართველოს რეგიონებში ბუნებრივი აირის პროვაიდერი "სოკარის" შვილობილი კომპანიები, "სოკარ გაზი" და "საქორგაზი" არიან, ამასთან საქართველო სოციალური სექტორისთვის განკუთვნილ ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან არაკომერციული ტარიფით იღებს.