მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოჭში დაწყებული კრუიზის მარშრუტში ბათუმიც შედის - რას აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში?

64bfba9183c61
ვიქტორია მღებრიშვილი
25.07.23 16:09
697
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში შესვლის შესახებ ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. ამის შესახებ სააგენტომ განცხადება რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გაავრცელა.

საქმე ის არის, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ახალი მარშრუტის ფარგლებში, რომელიც სოჭიდან იწყება, 27 ივლისს ბათუმში უნდა შემოვიდეს, შემდეგ კი თურქეთისკენ გაემართოს. მედიის ცნობითვე, საკრუიზო მოგზაურობაში ბათუმის დამატება ტურისტების მოთხოვნით მოხდა.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხომალდი სეიშელის კუნძულებზეა რეგისტრირებული და სანქციებში არ ფიქსირდება.

„გემის სააგენტო კომპანიის INFLOT-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა იგეგმება, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International - ი ემსახურება.
აღსანიშნია, რომ საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“, - ნათქვამია ქართული უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, „რუს ტურისტებს სოჭიდან ბათუმში „ვარსკვლავური“ საკრუიზო ლაინერით მოგზაურობას სთავაზობენ“ - ამ სახელწოდებით ინფორმაცია დღეს „ეხო კავკაზამ“ რუსულ ტელეარხზე დაყრდნობით გაავრცელა.

მათი ცნობით, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ახალი მარშრუტზე 22 ივლისს გავიდა, რომელიც ბათუმში გაჩერებას გულისხმობს. ახალი მარშრუტით კრუიზში 850 ადამიანი გაემგზავრა, ბათუმში კი ლაინერი მოგზაურობის მეხუთე დღეს შევა. კრუიზის ღირებულება, რომელშიც რუსეთში ცნობილი მომღერლები და მსახიობები მონაწილეობენ, დაახლოებით 1 100 დოლარია. Astoria Grande-ს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ „ვარსკვლავური კრუიზი“ სოჭი-ტრაპზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული-სოჭი მარშრუტზე ივლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები