„სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის მიერ მომზადებულმა ალტერნატიულმა საპენსიო რეფორმამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების მხარდაჭერა ვერ მიიღო.
კანონპროექტი არც რომან კაკულიას და არც ირაკლი კოვზანაძის კომიტეტებმა არ მოიწონეს.
„კანონპროექტს თან ახლავს მთავრობის უარყოფითი შეფასება, რადგან სახელმწიფოს ხარჯი 300-დან 360 მლნ ლარამდე იზრდება“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
„სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის ალტერნატიული კანონპროექტი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზეც განიხილეს, მაგრამ ქვორუმი არ შედგა.
ფრაქციის მიერ წარდგენილი კანონპროექტი ცვლილებებს ბევრი მიმართულებით ითვალისწინებს.
პენსიის გაცემის მექანიზმი შემდეგია: დღევანდელი დასაქმებულები აფინანსებენ არსებულ პენსიონერებს, ხოლო დღევანდელ დასაქმებულებს პენსიაზე გასვლის შემდეგ დააფინანსებენ იმ დროის დასაქმებულები.
კანონპროექტის მიხედვით, მეორე სვეტის შენატანები ნაწილდება დამსაქმებელსა და სახელმწიფოზე დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის სავალდებულო 2%-2%-ის ოდენობით და ირიცხება საპენსიო ფონდში მოქალაქის ანგარიშზე თაობათა შორის სოლიდარობის განსაზღვრული სარგებლის სქემისთვის. როდესაც მოქალაქე მიაღწევს საპენსიო ასაკს სახელმწიფო და დამსაქმებელი შესაბამისად შეწყვეტენ შენატანების განხორციელებას.
ნარჩუნდება კერძო დაგროვებითი სისტემა. მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის საპენსიო ასაკის მიღწევამდე, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი - ნებაყოფლობითი იმ პენსიონერებისთვის, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, მათ შეეძლებათ გააგრძელონ საკუთარი დაუბეგრავი ხელფასის სულ მცირე 2%-ის შეტანა დაგროვებით საპენსიო სქემაში.
კანონპროექტის ავტორი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ თუ მის წინადადებას მხარს არ დაუჭერენ, ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.

























