დღევანდელობა და კაცობრიობის მომავალი მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე დგას. მიუხედავად ამისა, ჯერაც მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სამომავლო პროფესიად საბუნებისმეტყველო დარგებს, ტექნოლოგიებსა და ინჟინერიას ირჩევენ, კიდევ უფრო ნაკლებია ამ სფეროში ქალების წილი.
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია კი მხოლოდ აკადემიურ სივრცის პასუხისმგებლობა არაა. ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე ამ დარგებისადმი ინტერესის გაღვივება არა მხოლოდ სკოლებს, არამედ კერძო კომპანიებსაც შეუძლიათ. საინტერესოა, რომ ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და განათლების გაძლიერების მიმართულებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს Social Impact Award-ის წლევანდელმა ფინალისტებმა — კიურის ლაბორატორიამ, Cosmo Tronix-მა და Greet Native-მა.
ამ სტატიიდან სწორედ მათი მიზნებისა და გეგმების შესახებ შეიტყობთ.
კიურის ლაბორატორია
მეცნიერებისადმი დაინტერესება ადრეული ასაკიდანვე იწყება — ბავშვები სვამენ შეკითხვებს სამყაროს შესახებ და ელიან პასუხებს მათთვის გასაგებ ენაზე. ჩვენ გარშემო მიმდინარე ბუნებრივი მოვლენების და სამეცნიერო ფაქტების ასახსნელად კი საუკეთესო გზა თამაში და ექსპერიმენტებია. ეს კარგად იცის ფიზიკის ფაკულტეტის პირველკურსელმა, მარიკა ცინცაძემ გურიიდან და ამიტომაც სახალისო ექსპერიმენტებისთვის საჭირო ხელსაწყოებით სავსე სამეცნიერო ყუთებს ამზადებს.
“ჩემი მიზანია, ბავშვები დაინტერესდნენ მეცნიერებით და ეს დარგი მათთვის ხელშესახები გახდეს, არ იყოს მეცნიერება მხოლოდ გაუგებარი ფორმულების დაზეპირება. ეს ყუთები დაეხმარება არა მარტო ბავშვებს, ინდივიდუალურად, არამედ რეგიონის სკოლებსაც, რომლებსაც ექსპერიმენტების ჩატარების რესურსი არ აქვთ”, — ამბობს მარიკა.
პირველ ეტაპზე ის ბავშვებს სამ ექსპერიმენტს სთავაზობს. მათ სახალისო სახელებიც მოუფიქრა: სპილოს ხორთუმი, კომბოსტოს ინდიკატორი და ბანანისგან დნმ-ს გამოყოფა.
“კარანტინის პერიოდში, როცა ყველა ჩაკეტილები ვიყავით, არ გვქონდა ლაბორატორიაში წასვლის საშუალება, ბავშვები სკოლებს მოწყდნენ და სტრესული სიტუაცია იყო, მომინდა, რაღაც საინტერესო გამეკეთებინა. სურვილი გამიჩნდა, ბავშვებს ეს რთული პერიოდი მარტივად და სახალისოდ გადაეტანათ. თანაც, ამ პერიოდში მეცნიერების როლი ყველამ კიდევ უფრო ცხადად დავინახეთ”, — გვიყვება მარიკა.
მან ცოტა ხნის წინ ლანჩხუთის მერიის დახმარებით მცირე დაფინანსება მიიღო, ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, ბავშვებს დაურიგა სამეცნიერო ყუთები და ახლა მათგან გამოხმაურებას ელის.
მარიკას Social Impact Award-ისგან დიდი მოლოდინები ჰქონდა. მოლოდინები გაუმართლდა, უკვე ის ფინალისტია და მენტორთან ერთად პროექტზე აქტიურად მუშაობს.
(NS)
“ვფიქრობ, გამარჯვებასთან ახლოს ვარ. პრობლემა, რომელსაც შევეჭიდე, საკმაოდ მწვავეა, ხოლო მისი გადაჭრის ჩემეული გზა საკმაოდ მარტივი და ადვილად განსახორციელებელია. მეც ბევრს ვისწავლი ამ გზაზე და ვეცდები ჩემს იდეას ფრთები შევასხა. ბიზნესისა და მარკეტინგის მიმართულებით დიდი ცოდნა არ მაქვს და ჩემი მენტორი და მთლიანად, Social Impact Award-ის გუნდი ამ საკითხებში დამაკვალიანებს”, — ამბობს მარიკა.
ახალგაზრდა მეცნიერი აღნიშნავს, რომ მისთვის სოციალური მეწარმეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ”მომავალი ახალგაზრდებზე და ჩვენს მომდევნო თაობებზეა დამოკიდებული, ამიტომ ვფიქრობ, ამ საქმით ცოტაოდენ წვლილს შევიტან ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს ცოტა გრძელვადიანი პერსპექტივაა, თუმცა ძალიან მონდომებული ვარ და ეს წამოწყება ჩემთვის მნიშვნელოვანია”, — გვიამბობს ის.
სამომავლოდ ის ყუთების დამზადების გარდა სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო შეხვედრის, სამეცნიერო პიკნიკებისა და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარებასაც გეგმავს. სურს, რეგიონებში, სკოლების ბაზაზე, შექმნას სამეცნიერო კლუბები, სადაც მოსწავლეები ყოველკვირეულად ექსპერიმენტებს ჩაატარებენ.
მარიკა იმედოვნებს, რომ Social Impact Award-ის დახმარებით უფრო მეტი ადამიანი გაიგებს მისი წამოწყების შესახებ და მეტი ბავშვი დაინტერესდება მეცნიერებით.
“ხშირად მამსგავსებენ ხოლმე მარია კიურის, ამიტომ დავარქვი საწარმოს ეს სახელი, მინდა, ამით გოგოებიც შევაგულიანო, რადგან STEM მიმართულებებში მათი ჩართულობა ჯერ კიდევ დაბალია”, — ამბობს მომავალი ფიზიკოსი.
Cosmo Tronix
შემეცნებით-საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობენ ახალგაზრდებიც სან დიეგოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტებიდან. ისინი ქმნიან ტექნოლოგიურ სამაგიდო თამაშს, რომლის დახმარებით მოზარდები ელექტროინჟინერიის შესახებ ცოდნას შეიძენენ.
“გუნდში ოთხი ადამიანი ვართ, ყველა მათგანი ელექტროინჟინერია. ორი ჩვენგანი ვასწავლით კიდეც ელექტროინჟინერიას, შესაბამისად ვიცით, რა აინტერესებთ ბავშვებს. მათ ძალიან აკლიათ ინფორმაცია და განათლება ამ საკითხებზე. მსგავს თემებზე არც პროგრამები იქმნება და ტელევიზორშიც ვერ ხედავენ ამას. მეტიც, მსგავსი სათამაშოც კი არაა, ამიტომ გაგვიჩნდა თამაშის შექმნის იდეა”, — გვიამბობს დავით გოგია, პროექტის თანაავტორი.
მისი თქმით, თამაშის მოფიქრება და გაწერა საკმაოდ რთული პროცესია. ის სამაგიდოა და ყველაფერი ზუსტად უნდა იყოს გათვლილი. თუმცა, როგორც გუნდის წევრები ამბობენ, თვითონ თამაში ძალიან საინტერესო გამოდის. “მთავარია, ბავშვებმა ალღო აუღონ მას, შემდეგ ყველაფერი მარტივდება.”
თამაშს თავისი ისტორია და გეგმა ექნება. მოთამაშეებმა პროცესში სხვადასხვა დეტალი უნდა გაააქტიურონ — მაგალითად, ნათურა აანთონ ან კარი გააღონ, რათა შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ. ამ დეტალებზე გუნდი ახლაც აქტიურად მუშაობს, ამზადებენ ზუსტ სქემებს, რომლებიც თამაშს შეკრავს.
Social Impact Award-ის დახმარებით ახალგაზრდა ელექტროინჟინრებმა ბიზნესგეგმა დაწერეს, ახლა კი მენტორთან ერთად პროექტს ხვეწენ.
“ჩვენი მთავარი მიზანია, ბავშვებს ელექტროინჟინერიის შესახებ ცოდნა მივცეთ. ამ თამაშით ის ადამიანებიც გაერთობიან, რომლებმაც ელექტროინჟინერია უკვე იციან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის, რასაც ვქმნით, ეხმარებოდეს ხალხს განათლების მიღებაში. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ადამიანებისთვის განათლებას ხელმისაწვდომს გავხდით”, — ამბობს დავითი.
Greet Native
Greet Native საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ერთმანეთს მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მასწავლებელსა და ამ ენის შესწავლის მსრუველ მოსწავლეს დააკავშირებს.
“პლატფორმა განათლების გაციფრულებას შეუწყობს ხელს. ის მომხმარებელს საშუალებას მისცემს, თავისთვის საინტერესო ენაზე მოსაუბრე ადამიანი იპოვოს და მასთან კომუნიკაცია დაამყაროს”, — ამბობს პროექტის თანაავტორი, ნიკოლოზ ჩიტაძე.
Greet Native, უცხო ენების შესწავლის ხელშეწყობის გარდა, ქართული ენის პოპულარიზაციასაც ისახავს მიზნად. მათ სურთ, ქართულად მოსაუბრე ადამიანები, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი თანამოქალაქეები თუ საქართველოში მცხოვრები ქართული ენის მასწავლებლებიც დასაქმდნენ.
“ჩვენ გამოვლილი გვაქვს აბიტურიენტობისა და სტუდენტების პერიოდი და ვიცით, რა პრობლემებს აწყდებიან ახალგაზრდები განათლების სფეროში, როგორ ამზადებენ მშობლები რეპეტიტორებთან შვილებს და ხშირად შედეგსაც ვერ იღებენ. ამ ვითარების გამოსწორება ჩვენი მიზანია”, — ამბობს ნიკოლოზი.
მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის პლატფორმაზე შეფასების სისტემაც დაინერგება, რომლის დახმარებით მასწავლებლებს ის მოსწავლეები შეაფასებენ, რომლებმაც რამდენიმეკვირიანი კურსი გაიარეს. პლატფორმაზე განთავსდება 10-15 წუთიანი საინფორმაციო ვიდეოებიც, რომელთა დახმარებით მასწავლებლები მაქსიმალურად ეცდებიან, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ.
“გვინდოდა ისეთი საქმე წამოგვეწყო, რომელიც თანამედროვეც იქნებოდა, ინოვაციურიც და პრობლემების გადაჭრაშიც დაგვეხმარებოდა. განათლების პრობლემები აქტიურად დგას დღის წესრიგში, მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მასწავლებლების დახმარებით სწავლა კი ძალიან მარტივი და მოსახერხებელი მეთოდია”, — აღნიშნავს პროექტის თანადამფუძნებელი.
გუნდისთვის Social Impact Award ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ნიკოლოზი ამბობს რომ არ მოელოდნენ, რომ მათი დახმარებით ასე თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდოდნენ პროექტის საბოლოო სახემდე. “Social impact award და მისი ყველა ორგანიზატორი — Impact Hub, თიბისის პროგრამა სტარტაპერი, გაეროს განვითარების პროგრამა და სხვები ახალგაზრდებს განსაკუთრებით უწყობენ ხელს და ეს ძალიან კარგია”, — ამბობს ნიკოლოზი.
გუნდმა უკვე განსაზღვრა პრობლემა, გამოსავალი, პროექტის ღირებულება, ხარჯები. ახლა აქტიურად ხვდებიან მენტორს და როგორც ნიკოლოზი აღნიშნავს, ძალიან კმაყოფილები არიან. “ჩვენ ახლა ვიკიდებთ ფეხს, ახლა შევდივართ ბაზარზე. ასეთ დროს ბიძგისმომცემია ის, რომ ჩვენი მენტორიც ახლა იწყებს თავის სტარტაპს. მან უკვე მიიღო დაფინანსება, რაც ჩვენთვის კარგი მაგალითია”.
ახლო მომავალში გუნდი გეგმავს, რომ საქართველო მოიცვას და იმ ქვეყნებშიც გავიდეს, საიდანაც უცხო ენებზე მოსაუბრე ადამიანები ჩაერთვებიან, ასევე სურთ განათლების სამინისტროსთან პარტნიორობა. პროექტს კიდევ ერთ ღირებულებას სძენს ისიც, რომ ენის სწავლის გარდა ის ხელს შეუწყობს კულტურული გაცვლის პროცესსაც.
Social Impact Award ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ის 15-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად, ერთი და იმავე პრინციპით, ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობს და საქართველოში უკვე მეხუთე წელია, იმართება.
პროგრამა საქართველოში Impact Hub-ის ორგანიზებით და თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით მიმდინარეობს, თიბისი ამ პროექტით ხელს უწყობს ბიზნესის მხარდაჭერას განვითარების ადრეულ ეტაპზე. Social Impact Award-ი ასევე ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.