საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თანახმაა, მისო-ების თხოვნით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეიტანოს.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა tv „პირველზე“ „ლევან ჩხაიძის დღის ამბებში“ ჩართვისას განაცხადა და იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც ისაუბრა, ვინც ე.წ. სესხების განულების სამთავრობო პროგრამაში ერთვება.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, „1%-ზე ნაკლებია იმ მისო-ების პრობლემური სესხები, რომლებმაც უარი თქვეს პროექტში მონაწილეობაზე“.
„საუბარია, დაახლოებით, 10 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე, შეთავაზებული იყო იგივე პირობები, რა პირობებიც შეთავაზებულ იქნა სხვა საბანკო და არასაბანკო საფინანსო დაწესებულებებისთვის. თუმცა, მათ არ ისურვეს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა. ეს მათი არჩევანი და სურვილია. ამავე დროს, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ისინი გამოიჩენდნენ სოციალურ პასუხისმგებლობას და გარკვეული კატეგორიისთვის, მაგალითად, სოციალურად დაუცველებისთვის, ისინი ჩამოაწერდნენ 2000 ლარამდე სესხებს. მათი მხრიდან ასეთი ქმედება მისასალმებელია. მათ ითხოვეს საგადასახადო კოდექსში გარკვეული საკითხების დაზუსტება. ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ და მიმდინარე სამუშაო პროცესში აღნიშნული საკითხები, რაც იყო თხოვნა მათი მხრიდან, გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
თავის მხრივ, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების საჭიროებაზე ისაუბრა bm.ge-თან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა ბესიკ შენგელიამ.
„სამუშაოა საგადასახადო ინიციატივაზეც, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ კი ვპატიობთ სოციალურად დაუცველ მსესხებლებს ვალებს, მაგრამ არსებული კანონმდებლობით დაბეგვრადია ოპერაცია და ეს მაინცდამაინც ლოგიკური არ იქნება. ამიტომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილების შეტანას ველოდებით. რაც შეეხება „ქართუ ფონდთან“ მემორანდუმს, 15-დან 10 აპირებს მემორანდუმის გაფორმებას, თუმცა ჩამონათვალის გაკეთება ამჟამად არ შემიძლია, მონაცემები იცვლება და ამიტომ სჯობს, დაველოდოთ. როგორც კი მზად იქნება სიები, ვებგვერდზე აიტვირთება. ახალ წლამდე წესით ორივე მიმართულებით უნდა დასრულდეს მუშაობა“, - განაცხადა ბესო შენეგლიამ.