ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების წესის ცვლილება.
როგორც მან „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ცვლილების მიზანია, პროგრამამ უკეთ გამოავლინოს მოწყვლადი და სიღარიბის ზღვარზე მყოფი პირები.
„სტატუსის მინიჭების პროცესი უნდა გახდეს მეტად გამჭვირვალე და ობიექტური, რათა დახმარება მიიღონ რეალური საჭიროების მქონე ადამიანებმა და არავინ დარჩეს სახელმწიფოს მხარდაჭერის მიღმა.
ადმინისტრირების ნაწილში ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევამციროთ განცხადების დაწერიდან დახმარების გაცემამდე პერიოდი, რათა ოჯახების საჭიროებებზე მოვახდინოთ მყისიერი რეაგირება. გაუმჯობესებული ადმინისტრირების მიზნით, მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების პროცესის დიჯიტალიზაცია.
სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი სოციალური აგენტების მიერ, ინფორმაცია აღირიცხება ელექტრონულად. მიდგომა ითვალისწინებს შეფასების ფორმის გაუმჯობესებულ ადმინისტრირებას და ოჯახში არსებული გარემოს ვიზუალური მასალების წარმოებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს შეფასების მეტ ობიექტურობას და გამჭვირვალობას“, - განაცხადა მან.
მინისტრის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა 45% შრომისუნარიანი პირია, სამინისტროს მიზანს წარმოადგენს აღნიშნული პირებისთვის არა გრძელვადიანი შემწეობის დანიშვნა, არამედ დასაქმების რეალური შესაძლებლობის შეთავაზება და მათი ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა.
„აქვე, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პენსიის ინდექსაციის საკითხი. პენსიის მიბმა მშპ-სთან და ინფლაციასთან, არის უდიდესი მიღწევა, რომელიც პენსიის მიმღებთა მეტ ფინანსურ დაცულობას უზრუნველყოფს. ინდექსაციის შედეგად წელს პირველად გაიცემა გაზრდილი ოდენობის პენსია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




























