ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მიხეილ კუკავა სოციალური შემწეობის პოლიტიკის ისეთ რეფორმას ითხოვს, რომლითაც სახელმწიფოსგან დახმარებას რეალური საჭიროების მქონე ადამიანები მიიღებენ.
როგორც მან “ანალიტიკაში” თქვა, სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვის რეკორდული ზრდის ფონზე, სახელმწიფომ უნდა შეამციროს მათი რიცხვი და დარჩენილ ნაწილს დახმარება გაუზარდოს.
“ზოგიერთი ეკონომისტი ამბობს, რომ ჯერ გაიზარდოს ეკონომიკა და შემდეგ გადავანაწილო, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა არ არის იმ ზომის რომ სიღარიბის აღმოსაფხვრელად ადამიანებს გულუხვად დავეხმაროთ. პირველი ნაბიჯი, რაც შეიძლება გადაიდგას არის მიზნობრივი სოციალური დახმარების რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ამას უწყება წლებია აკეთებს, თუმცა ფინანსთა სამინისტრო თუ არ შეეშველა შემოსავლების აღრიცხვის უკეთესი სისტემის შექმნით, მანამდე ის ვერ იმუშავებს.
ეს გასაკეთებელია იმისთვის, რომ ვიცოდეთ, დახმარება რეალურად ყველაზე მეტად ვის სჭირდება. დღეს, დაახლოებით 700 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას და მნიშვნელოვანია ამ ადამიანებიდან გამოიხშიროს ის ნაწილი, რომელთაც ნაკლებად სჭირდებათ და გაეზარდოთ დაფინანსება მათ, ვისაც მეტად სჭირდებათ”, - აცხადებს მიხეილ კუკავა.