სოციალური კაფე "მზიური" დღეს დილით 08:30-ზე გაქურდეს. ამის შესახებ კაფეს დამფუძნებელმა, ანა გოგუაძემ განაცხადა. მისი თქმით, წაღებულია ძვირადღირებული ტელეფონი, ლეპტოპი და ფული სალაროდან 165 ლარის ოდენობით. საერთო ზარალის ღირებულება კი დაახლოებით 3200 ლარია.
როგორც bm.ge-თან გოგუაძე ამბობს, ქურდობაში ეჭვმიტანილი 5 პირი მოზარდია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე – ქურდობის მუხლით დაიწყო.
“ამ ეტაპზე კაფე შეფერხებით მუშაობს, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა დღის ბოლომდე მუშაობა აღდგება. შემთხვევა მოხდა დილის 9-ის ნახევარზე. მოზარდებმა 2 კამერა ჩამოხსნეს, მესამეს ვერ მიწვდნენ. მზიურის პარკის დაცვამ შემთხვევა ვერ დაინახა. წაიღეს ლეპტოპი, ძვირადღირებული ტელეფონი და სალაროდან 165 ლარი. ამ ტექნიკას ჩვენ კინო ჩვენებებისთვის ვიყენებდით და ძალიან მნიშვნელოვანი იყო”-ამბობს სოციალური კაფე “მზიურის” დამფუძნებელი ანა გოგუაძე.

























