მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე გასულ წელს 7 მილიონზე მეტი დაიხარჯა

5be1988b23f0a
ელენე გოგბერაშვილი
06.11.18 17:34
1222
პარლამენტში დეპუტატებმა „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში სოციალური მეწარმეობის ერთიანი ჩარჩოს და სტანდარტების შექმნას გულისხმობს.

კანონპროექტით სოციალური მეწარმეობა განისაზღვრება როგორც ორგანიზებული სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც ემსახურება სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფას, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას და აგრეთვე სოციალური მიზნების მიღწევას განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის და გარემოს დაცვის სფეროებში.
კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში სოციალური მეწარმეობა მზარდ ხასიათს ატარებს. გასული წლის მონაცემებით, სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის დახარჯულმა თანხამ 7 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2012-2017 წლებში ფინანსური რესურსი გამოყოფილია როგორც საქართველოს მთავრობის, ისე პრეზიდენტის, მუნიციპალიტეტებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ, რამაც ჯამურად 1,6 მილიონი ლარი შეადგინა.

სოციალური მეწარმეობის მიზნით საქართველოში 90 ორგანიზაცია არის დაფუძნებული, რომელთაგან ძირითადად აქტიური მხოლოდ 70-ია. რაც შეეხება სოციალურ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობას, მათმა რიცხვა 500 გადააჭარბა და მათგან ყოველი მეხუთე დევნილი, შშმ პირი და სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელია.
კანონპროექტი ითვალისწინებს სოციალური საწარმოებისთვის სხვადასხვა ტიპის შეღავათებს, რაც კანონპროექტის ავტორების გათვლებით, რა თქმა უნდა აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. დაფინანსების წყარო ამ შემთხვევაში ნაერთი ბიუჯეტის ასიგნებები იქნება.

კანონპროექტის თანახამად ცვლილებები შედის, როგორიც გრანტების შესახებ, ისე სახელმწიფო შესყიდვების კანონში, საგადასახადო კოდექსში, მეწარმეთა შესახებ კანონში და საჯარო რეესტრის შესახებ კანონში.

კანონპროექტით განისაზღვრება სოციალური საწარმოს სტატუსის რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე ლიკვიდაციის, რეორგანიზაციისა და გაკოტრების წარმოების სპეციფიკური საკითხები.

ე.წ ესტონური მოდელი მხოლოდ იმ შემთხვვას შეეხება, როცა სოციალურ საწარმოს უსასყიდლოდ მიაწვდიან ქონებას, გრანტს, ჩუქების თუ შემოწირულობის სახით. სხვა შემთხვევაში სოციალური საწარმო რჩება ჩვეულებრივ საგადასახადო ადმინისტრირების რეჟიმში.

სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერისა და განვითარების პროექტებსა და პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ შესყიდვებზე, აგრეთვე სოცსაწარმოსგან 60 ათას ლარამდე ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას არ იქნება საჭირო კანონით განსაზღვრული პროცედურების დაცვა.
სოცსაწარმოს სტატუსის რეგისტრაციის ვადამდე გაუქმების შემთხვევაში გრანტის გამცემს წარმოეშვება გაცემული სიკეთის დაბრუნების მოთხოვნა, ხოლო გრანტის მიმღებს-ვალდებულება დააბრუნოს ეს სიკეთე.

კანონის მიღების შემთხვევაში სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის სტრატეგიის შემუშავება საქართველოს მთავრობას მოუწევს. კანონპროექტის განხილვები რეგლამენტის მიხედვით დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მიმდინარე კვირიდან უნდა დაიწყოს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები