სოციალური საწარმო "ზესხო“ უკვე 4 წელია სვანურ მარილს აწარმოებს. საწარმო ევროპის ფონდის პროექტის გამარჯვებულია, რომლის ფარგლებშიც წარმოება თავდაპირველად თბილისში დაიწყო. ამ ეტაპზე საწარმო მცხეთაში მდებარეობს და ადგილზე სამი შშმ პირია დასაქმებული. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ალავიძემ „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, ფინური არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებით, საწარმო გაფართოვებას და დამატებით 6 შშმ პირის დასაქმებას გეგმავს.
ამჟამად კომპანიის პროდუქცია 4 სუპერმარკეტში იყიდება, საწარმოში HACCP-ის მეთოდის დანერგვის შემდეგ, კომპანია პროდუქციის ევროპაში ექსპორტს გეგმავს.
"შშმ პირების დასაქმება რთულია, ამიტომ გადავწყვიტეთ ისეთი პროდუქცია შეგვექმნა, რომლის საწარმოო პროცესი შედარებით მარტივი იქნებოდა. ფინური არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების ფარგლებში, გვსურს პროდუქციის ასორტიმენტი გავზარდოთ და აჯიკის წარმოებაც დავიწყოთ.
ერთი პროდუქტის პირობებში გამართული ბიზნესის აწყობა შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც საწარმო ევროპულ სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში პროდუქციას ექსპორტზე გავიტანთ. სურსათის უვნებლობის მიმართულებით გვაქვს გარკვეული ღონისძიებები ჩასატარებელი, თუმცა ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული“, - ამბობს გიორგი ალავიძე.

























