სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დაფინანსებით თბილისში პირველი სოციალური სამკერვალო 7 თვის წინ გაიხსნა. „მებიუსში“ ამჟამად სულ 8 ადამიანია დასაქმებული, მათგან 5 ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირია.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელი მანანა შარაშიძე სოციალური საწარმოებისთვის სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის ხელშეწყობას ითხოვს. როგორც შარაშიძემ „საქმიან დილას“ უთხრა, მთავარი პრობლემა შესყიდვების შესახებ კანონს და კანონდებლობაში სოციალური საწარმოს განმარტების არარსებობას უკავშირდება.
„სოციალური საწარმო ეს არის ორგანზიაცია, რომელიც ბიზნეს სტრატეგიებით ცდილობს შეასრულოს სოციალური მისია. მოგება აქ მეწილეებს შორის კი არ ნაწილდება, არამედ ისევ სოციალური ამოცანის გადაწყვეტას ხმარდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკვე რამდენიმე ათეული ასეთი საწარმოა, კანონდებლობაში არ არსებობს სოციალური საწარმოს განმარტებაც კი. შესაბამისად ის ჩვეულებრივი ბიზნეს ორგანიზაციისგან არაფრით განსხვავდება. ასევე ჩვენთვის პრობლემაა შესყიდვების შესახებ კანონიც. მიუხედავად სახელმწიფო საავადმყოფოების სურვილისა პროდუქცია ჩვენგან შეისყიდონ, ისინი ამას ვერ აკეთებენ. ამისთვის მათ ტენდერის გამოცხადება ევალებათ, ჩვენ კი ტენდერში მონაწილეობას ნაწარმის მცირე მოცულობის გამო ვერ ვიღებთ. ჯანდაცვის სამინისტრო ამაში რომ გვიწყობდეს ხელს, ჩვენ ეს შემდგომი განვითარებისთვის ძალიან დაგვეხმარებოდა.“ - განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას მანანა შარაშიძემ.
ჯამში ამდროისთვის საქართველოში სულ 50-მდე სოციალური საწარმო ფუნქციონირებს. რაც შეეხება კანონს, აღსანიშნავია რომ სოციალური საწარმოების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია, თუმცა როდის მოხდება მისი დამტკიცება ჯერ-ჯერობით უცნობია.

























