მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელი "პანდორა", ცხვრები სარეველას წინააღმდეგ და ნუშის გადამამუშავებელი საწარმო - "უდაბნოს" ახალი პროექტები

609ac0413a151
თამთა ჯიჯავაძე
12.05.21 00:00
1792
სოფელ უდაბნოში ტურისტული ბიოსოფელი „პანდორა“ შენდება. ტურისტული ჰაბი – ასე უწოდებენ მას კომპანია „უდაბნოში“, რომელიც პროექტზე მუშაობს. საუბარია დუხობორების ყოფილ სოფელზე, სადაც ძველებური სტილის სახლები ახალი იერსახითაა აღდგენილი. როგორც „უდაბნოს“ დირექტორი გოდერძი მეტრეველი Forbes Georgia-სთან საუბრისას ამბობს, აღნიშნული კონცეფცია კომპანიის დამფუძნებლის, თემურ უგულავას იდეა იყო, რომელსაც სურს, სამომავლოდ, საბჭოთა პერიოდის დანატოვარი ადგილები აითვისოს და მათ თანამედროვე იერსახე შესძინოს.

„პანდორა“, რომელიც დაახლოებით 80 ჰექტარზე იქნება გადაჭიმული, 2022 წლიდან ეტაპობრივად გაიხსნება. იგი დატვირთული იქნება რესტორნებით, ტურისტული ობიექტებით, აუზით, სათევზაო ტბებით და სხვა ინფრასტრუქტურით.

თუმცა, უნიკალური ამ პროექტში მაინც ის არის, რომ აღნიშნული სოფელი იქნება სრულიად ბიო, – „ყველაზე მთავარი ის არის, რომ მხოლოდ ბიოსაწვავის გამოყენება იგეგმება. ასევე ვაპირებთ მხოლოდ ადგილობრივად ნაწარმოები პროდუქციის გამოყენებას, ასე რომ, ამ ყველაფერს პატარა სასათბურე მეურნეობაც დაემატება“, – ამბობს გოდერძი მეტრეველი.

მისივე თქმით, ბიოსაწვავის დასამზადებლად აპირებენ ნუშის ქერქის გამოყენებას. ნუშის ბაღები კი სოფელ უდაბნოში შპს „უდაბნოს“ პირველი პროექტია. ეს იყო 2016 წელი, როდესაც ბიზნესმენ თემურ უგულავას უდაბნოს ტიპის ტერიტორიაზე უზარმაზარი ნუშის ბაღების გაშენების იდეა მოუვიდა. დღეს „უდაბნოს“ ნუშის ბაღები 2300 ჰექტარზეა გაშენებული და იგი ევროპაში, ერთი კომპანიის მფლობელობაში არსებული ყველაზე დიდი ნუშის ბაღია.

„წელს 600-800 ტონა მოსავალს ველოდებით, ყოველწლიურად კი ამ რაოდენობის 2.5-ჯერ ზრდას“, – ამბობს „უდაბნოს“ დირექტორი და დასძენს, რომ ბიომოსავლის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გავა, თუმცა დაგეგმილია პროდუქტის საქართველოს ბაზრისთვისაც წარმოება – როგორც ნედლეულის, ასევე დაფასოებული სახით.

კომპანია კიდევ ერთი პროექტის წამოწყებას გეგმავს: სოფელში ნუშის გადამმუშავებელი საწარმოს აშენებას, რომელიც საათში დაახლოებით 10-დან 12 000-მდე კილოგრამი ნაყოფის დამუშავებას შეძლებს. „ჩვენს საწარმოში სხვა ფერმერებსაც შეეძლებათ თავიანთი ნუშის გადამუშავება. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი სწორედ მათი დახმარებაა“, – აღნიშნა გოდერძი მეტრეველმა.

აღნიშნული საწარმოს ამუშავებაც 2022-ში იგეგმება, პროექტის ჯამური ინვესტიცია კი დაახლოებით 10 მლნ ლარია.

„უდაბნოს“ პლანტაციები მხოლოდ ნუშის ბაღებით არ შემოიფარგლება. სოფელში კომპანიამ კენკროვანი კულტურებიც და ვენახიც გააშენა. კერძოდ, 12 ჰექტარზე მარწყვია გაშენებული, 5 ჰექტარზე – ჟოლო, 3 ჰექტარზე – მაყვალი. 2 ჰექტარზე – 150 ენდემური ქართული ვაზის ჯიში, ხოლო 5 ჰექტარზე – სხვადასხვა ტრადიციული ქართული ვაზის ჯიში.

დაბოლოს, კიდევ ერთი პროექტი „უდაბნოსგან“ – კომპანია გეგმავს გარემოზე ზრუნვის მიზნით, კონკრეტულად კი სარეველა ბალახით მოყენებული ზიანის შესამცირებლად ბრიტანული და ესპანური ჯიშის ცხვრების ჩამოყვანას.

„აღნიშნული ჯიშის ცხვრები დაგვეხმარებიან სარეველასთან ბრძოლაში, რისთვისაც, როგორც წესი, ჰერბიციდებს იყენებენ ხოლმე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გარემოზე ზრუნვა პირველ რიგში არის ჰერბიციდის ხმარებიდან ამოღება. „უდაბნოს“ მიზანიც სწორედ ისაა, რომ მავნე ნივთიერებების გამოყენება ნულამდე დავიყვანოთ. ცხვრები ამის საშუალებას მოგვცემს, თან ქვეყანაში ჩლიქოსანი პირუტყვის განვითარებას შევუწყობთ ხელს“, – აღნიშნა გოდერძი მეტრეველმა.

„უდაბნოს“ უდაბნოში ხმელთაშუა ზღვის კამეჩები, ალპური თხები და ქათმები უკვე ჰყავს, რამაც კომპანიის მიერ წარმოებული ბიოპროდუქციის გამრავალფეროვნება განაპირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები