2025 წლის 12-15 ნოემბერს, დუბაიში (გაერთიანებულ საამიროებში) გაიმართა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM - International Council of Museums) რიგით 27-ე გენერალური კონფერენცია თემით „მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში“.
კონფერენციაზე საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო სოფიო დუღაშვილმა, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ICETHICS-ის წევრმა, რომელიც გახლავთ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის პირველი თავმჯდომარე, მედიატორი, სამართალმცოდნე და პროფესიული ეთიკის ექსპერტი.
სოფიო დუღაშვილი მოხსენებითი პრეზენტაციით წარსდგა საკომიტეტო მოსმენაზე თემით - „მედიაციის როლი მუზეუმების მართვასთან დაკავშირებული ეთიკური დავების გადაწყვეტასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფაში.“
კონფერენციის დასასრულს გაიმართა ICOM-ის ეთიკურ დილემათა საერთაშორისო კომიტეტის (ICETHICS) ბორდის არჩევნები, სადაც დასახელებულ კანდიდატებს შორის არჩეულ იქნა სოფიო დუღაშვილი 3 წლის უფლებამოსილების ვადით, რომელიც ამ პოზიციას საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი წევრის სტატუსით დაიკავებს.
მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM - International Council of Museums) გენერალური კონფერენცია წარმოადგენს გლობალური მასშტაბის მოვლენას სამუზეუმო სფეროში და აერთიანებს ათასობით პროფესიონალს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. კონფერენციის პროგრამამ მოიცვა პლენარული სესიები, საკომიტეტო შეხვედრები, პროფესიული ნეთვორქინგის ღონისძიებები და კულტურული ვიზიტები.




























