ტექნოპარკის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ზვიადაძის თქმით, ის წყალი რითიც სოფელში ვენახს რწყავენ ხშირად დაბინძურებულია, რითიც ვენახის შეწამვლა კი არა მოწამვლა ხდება. მან გადაცემა "საქმიან დილაში" საუბრისას განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ ევროკავშირი არ იღებს ქართულ პროდუქციას, როგორც ბიოპროდუქციას.
"ადამიანები, ვისაც ჰქონდათ ვენახი, ერთი ჰექტარის შეწამლისთვის იყენებდნენ 1 ტონა წყალს, რომელსაც მდინარეებიდან იღებდნენ. მდინარეებში კი წყალი ძალიან დაბინძურებულია, განსაკუთრებით სოფლად. ამ დაბინძურებული წყლით წამლავდნენ ვენახს და შეწამვლა კი არ ხდებოდა, მოწამვლა ხდებოდა.
ამის გარდა, იყენებდნენ ქიმიურ პროდუქტებს და შემდეგ ბრძანებდნენ, რატომ არ იღებს ევროკავშირი ჩვენს პროდუქციას, როგორც ბიოპროდუქციასო, ეს ხდება იმიტომ, რომ ქიმიურადაა შეწამლული და მოწამლული ეს ვენახი, ეს არ შეიძლება. ჩვენ ვაზის შეწამვლისათვის გვაქვს უნიკალური პროდუქტი “ელექსირი“, რომელიც არა 1 ტონა წყალს, არამედ 300 ლიტრ წყალს მოითხოვს. ეს წყალი პირველ რიგში სუფთავდება და შემდეგ უკვე ასევე ბიოლოგიური პროდუქტით, რომელიც წყალს ემატება, ხდება შეწამვლა. როდესაც ვაზი შეიწამლება, ის ერთჯერადად კი არ მოქმედებს, არამედ ქმნის სპეციალურ ზონას ფოთლის გარშემო და ფოთლის დაზიანება აღარ ხდება, ფოთოლი უფრო იოლად ითვისებს, როგორც მინერალებს, ასევე მზისგან მიღებულ ვიტამინებს და წყალს, ვაზიც ხდება უფრო ჯანმრთელი", - აღნიშნა ზვიადაძემ.