“სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების კუთხით დიდ რიცხვებს ნუ დაველოდებით”,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, თუ რა გეგმა აქვს მთავრობას მაშინ, როცა “პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შიმშილზეა” ქვეყანაში საუბარი, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს და მით უმეტეს იმ ფონზე, როცა უცხოელებისთვის საქართველოში მიწის ფლობა აიკრძალა.
“სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში მსხვილ ინვესტიციებს არ ველოდებით და ამის შესახებ ბევრჯერ გვისაუბრია. თუ სტატისტიკას ჩახედავთ, უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში არ შემცირებულა. მათ შორის 2018 წელს გაზრდილია, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების.
ჩვენ არ ვხედავთ სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითად წყაროდ უცხოურ ინვესტიციებს. ეს არის ძირითადად შიდა ინვესტიციები და იმისკენ არის მიმართული სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, რომ შიდა ინვესტიციების მობილიზება შევძლოთ. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა.
მოდი, კარგად გავაანალიზოთ, სოფლის მეურნეობის სტრუქტურა როგორია. ჩვენ გვაქვს ძალიან მცირე სახნავ-სათესი ფართობები, რომლებიც განაწილებულია ძალიან ბევრ ათას მოსახლეზე. ამიტომ მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების განხორციელების რესურსი აქ შეზღუდულია. ეს არაფერ კავშირში არ არის მიწის ფლობა-არფლობასთან. ფლობა როცა დაშვებული იყო, მაშინაც არ იყო მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამიტომ ეს არანაირ კავშირში არ არის. მით უმეტეს ახალი კანონმდებლობით გარკვეულწილად დარეგულირდა და იმ შემთხვევაში თუ იქნება სერიოზული საინვესტიციო პროექტები, მთავრობას შეუძლია იმსჯელოს ამ საკითხზე.
თუმცა, უცხოური ტექნოლოგიური ინვესტიციები ჩვენთვის მაინც საინტერესოა, ცოდნის და ტექნოლოგიების ტრანსფერის კუთხით. ჩვენ ბევრი უცხოელი ოპერატორი გვყავს ამ სფეროში, ეს არიან როგორც ევროპელები, ასევე ისრაელიდან და ვფიქრობთ, ამას შევინარჩუნებთ”,- აცხადებს ლევან დავითაშვილი.

























