მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი მკვეთრად იზრდება, სახელმწიფო პროგრამებში მცირე ფერმერების ჩართულობა მინიმალურია. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Oxfam-ის ქართულ წარმომადგენლობაში საუბრობენ.
Oxfam-ის ეკონომიკური პროგრამის მენეჯერი ლევან დადიანი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მცირე გლეხობა დღეს საკმაოდ მწვავე პრობლემების წინაშე დგას. ლევან დადიანი კაპიტალთან ხელმიუწვდომლობას ასახელებს და აღნიშნავს, რომ მცირე ფერმერული მეურნეობები საბანკო სესხს ვერ იღებენ, რადგან მათ მხოლოდ მწირი გარანტიების წარდგენა შეუძლიათ. ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, არის ცოდნისა და თავისუფალ ბაზარზე ოპერირების პრობლემა. ყველაფერთან ერთად, მცირე მეწარმეები არ არიან ჩართულები ისეთ პროექტებში, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, რადგანაც, ლევან დადიანის თქმით, ეს მსხვილ ბიზნესებზე მორგებული პროგრამებია.
"მათი უმეტესობა არის ფერმერი, რომელიც თვითგამოკვების მიზნით აწარმოებს სურსათს, მაგრამ ის შემოსავლების გენერირებას ისე ვერ ახდენს, რომ გაიუმჯობესოს ცხოვრების პირობები",- აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის ბაზრის 98% სწორედ მცირე ფერმერებზე მოდის, ამიტომ მათი განვითარება მნიშვნელოვანია.
იმისთვის, რომ მცირე ფერმერულმა მეურნეობებმა გაიუმჯობესონ ხელმისაწვდომობა ადგილობრივ ბაზრებზე და შეძლონ მეტი და ხარისხიანი პროდუქციისწარმოება, საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა რეკომენდაციით მიმართავს. შესაბამისი მოთხოვნებით, ორგანიზაციამ პეტიციაც შექმნა და საიტ manifest.ge-ზე ხელმოწერებს აგროვებს.
Oxfam-ის ეკონომიკური პროგრამის მენეჯერი ამბობს, რომ აუცილებელია გაიზარდოს სახელმწიფო დაფინანსება კოოპერატივების ხელშეწყობისთვის. როგორც ლევან დადიანი აღნიშნავს, ამჯერად ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარია გამოყოფილი, რეალური ეფექტის მოსატანად კი 25 მილიონი ლარის დაფინანსებაა საჭირო.
Oxfam-ი აკრიტიკებს მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამასაც, რომელიც მიწის დამუშავების მიმართულებით ფერმერების ვაუჩერულ დახმარებას გულისხმობს. როგორც ლევან დადიანი ამბობს, ასეთ მიდგომას გრძელვადიანი ეფექტი არ მოაქვს და ის მხოლოდ სოციალურ პროექტს წარმოადგენს.
"ამ სახის ინტერვენციებით გრძელვადიანი განვითარებების გამოწვევა შეუძლებელია. ეს არის ერთჯერადი სოციალური ხასიათის ინტერვენცია. მას არ გააჩნია საკმარისი მიზნობრიობა. ის რეალურ მოთხოვნილებას არ ეფუძნება. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამ ინტერვენციებს ჩაენაცვლოს საინვესტიციო სქემები, რომელზეც გლეხების ხელმისაწვდომობა იქნება",- აცხადებს ლევან დადიანი.
მისივე თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, სამინისტროში შექმნილია სპეციალური სამუშაო კომისია, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს და გარკვეული მიმართულებებით ცვლილებებიც იგეგმება.
Oxfam-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ პეტიციას, რომელიც ინტერნეტშია გამოქვეყნებული, არის არა საპროტესტო, არამედ გაცნობითი, საზოგადოებისადმი ინფორმაციის მიტანის ფუნქცია აქვს.
„უახლესი კვლევებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 70% სურსათის უკმარისობას განიცდის და, შიშობს, რომ მომავალში ეს მდგომარეობა შეიძლება კიდევ გაუარესდეს. მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ საქართველოს მოსახლეობა შემოსავლების საშუალოდ 50%-ს ხარჯავს სურსათზე და მცირე შემოსავლების გამო, მოსახლეობის დიდინაწილისათვის ხელმისაწვდომი არ არის ადგილობრივი, მრავალფეროვანი და საღი პროდუქტი. შედეგად, ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მის მცირეშემოსავლიანფენებში, შეინიშნება ბავშვებთა ზრდის შეფერხება, იოდისა და რკინის დეფიციტი. არასრულფასოვანი კვება აფერხებს ადამიანის ჰარმონიულ განვითარებას, ამცირებს მისშრომისუნარიანობას, რასაც უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება“,-აღნიშნულია პეტიციაში.

























