2017 წლის მესამე კვარტალში სოფლის მეურნეობის დარგი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სოფლის მეურნეობის დარგში 2,8%-იანი კლება დაფიქსირდა. გასული წლის მესამე კვარტალში სოფლის მეურნეობის დარგის ზრდა 2,9%-ს შეადგენდა.
ამასთან, უნდა ითქვას, რომ კლება კიდევ ორ ეკონომიკურ საქმიანობაში ფიქსირდება და ორივე მათგანი ასევე სოფლის მეურნეობასთან არის დაკავშირებული.
მესამე კვარტლის მონაცემებით, კლებაა შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავებაში. ამ მიმართულებით 3,6%-იანი კლება გვაქვს. შარშან ამ მიმართულებით ზრდა 7% იყო.
კიდევ ერთი დარგი, სადაც 4,3%-იანი კლება ფიქსირდება - შინამოსამსახურის საქმიანობა და შინამეურნეობების საქმიანობაა, რომელიც დაკავშირებულია საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან საკუთარი მოხმარებისათვის. თუმცა, კლება ამ მიმართულებით შარშანაც ფიქსირდებოდა, 2017 წლის მესამე კვარტალში 6.4%-იანი კლებაა დაფიქსირებული.
რაც შეეხება დადებით მაჩვენებლებს, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები (12,6 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (10,6 პროცენტი), მშენებლობა (9,3 პროცენტი), ვაჭრობა (9,3 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (7,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (5,1 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება (5,0 პროცენტი), კავშირგაბმულობა (4,9 პროცენტი).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (18,7 პროცენტი) და მრეწველობა (17,0 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,7 პროცენტი), მშენებლობა (10,2 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,6 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6,8 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,6 პროცენტი).

























