სოფლის მეურნეობის მინისტრი სექტორში არსებულ მთავარ გამოწვევებს ასახელებს.
ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ პრობლემური საკითხია ფერმერების კვალიფიკაცია და ცოდნა, ასევე, მიწების ფრაგმენტაცია.
ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე სოფლის მეურნეობის პანელის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“საუბარი გვქონდა რამდენიმე მიმართულებაზე, ძირითადად ეს უკავშირდება აგრარულ სფეროში არსებულ დასაქმებული ადამიანების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, გვქონდა საუბარი პროგრამებზე, რომლებიც ზუსტად ამას ეხმიანება. იმას, რაც ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა, კვალიფიკაცია და ცოდნა, ფერმერებისთვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება უფასოდ ყველა რეგიონში. იმისთვის, რომ მათ ცოდნაზე დაფუძნებით შეძლონ უფრო კონკურენტუნარიანი გახადონ საკუთარი საქმიანობა. საუბარი გვქონდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტებსა და ახალ ინსტრუმენტებზე, რომლებსაც 2019 წელს ვგეგმავთ, მათ შორის მიწისა და მეურნეობების კონსოლიდაციაზე, ესეც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ფრაგმენტირებული მიწები და მცირე მეურნეოები - გვაქვს გეგმები კოოპერაციის წახალისებაზე, მათ შორის გეგმები, რომლებიც უკავშირდება სასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ ახალ კანონს”,- აცხადებს მინისტრი.
პანელზე ასევე გაიჟღერა პრობლემამ აგროდაზღვევის მიმართულებით. აგრარული სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აგროდაზღვევით არ იზღვევა მაგალითად საგაზაფხულო ყინვა და გვალვა, რაც მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო მზადაა, მესაქონლეობის მიმართულებით სერვისების დაფინანსებისთვის, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო კომპანებმა მეტი ინიციატივა გამოიჩინონ.
“აგროდაზღვევა ეს არის პროდუქტი, რომელსაც კერძო სადაზღვევო კომპანიები ამუშავებენ, ყიდიან და ჩვენ თანადაფინანსებით ვეხმარებით ფერმერებს. რა თქმა უნდა, პროდუქტების დახვეწაშიც ვმონაწილეობთ, თუმცა, ეს არ არის მარტივი პროცესი. ეს არის დიალოგის რეჟიმში განსავითარებელი შესაძლებლობები სადაზღვევო ინდუსტრიაში, რომ პროდუქტები უფრო მრავალფეროვანი იყოს და დაფარვა გაიზარდოს’,- აცხადებს მინისტრი.

























