მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოფლის მეურნეობის სექტორზე ₾3.6 მილიარდის კრედიტია გაცემული - რომელი ბანკები აფინანსებენ?

სოფელი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სექტორი უძრავი ქონების დეველოპმენტის შემდეგ, ბიზნესის დაკრედიტებაში მეოთხე ადგილს იკავებს. მთლიანად ამ სექტორზე გაცემული სასესხო პორტფელის ზომა 3.6 მილიარდ ლარს შეადგენს. ამასთან, სოფლის მეურნეობის სექტორი ეკონომიკის ყველა სხვა სექტორისგან განსხვავებით, ძირითადად, ეროვნულ ვალუტაში ფინანსდება - მთლიანი პორტფელის 87% ლარში არის გაცემული.

სოფლის მეურნეობის სექტორში კრედიტების ლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი სახელმწიფო პროგრამა "შეღავათიან აგროკრედიტს" უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე კომპანიებს 10 მილიონ ლარამდე მოცულობით აღებულ სესხებზე 4 წლის ვადით სახელმწიფოს თანადაფინანსების მიღება შეუძლიათ. საუბარია სესხის პროცენტის მომსახურების დაფარვაზე 11%-ის ოდენობით. შესაბამისად, თუკი ამჟამად სოფლის მეურნეობის სექტორში საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთია 15%, კომპანია 4 წლის განმავლობაში იხდის მხოლოდ 4%, დანარჩენი 11%-ის მომსახურებას კი სახელმწიფო უზრუნველყოფს. ამ პროგრამაზე კომერციული ბანკების პროცენტის თანადაფინანსებისთვის 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 210 მილიონი ლარი იხარჯება, გასულ წელს კი პროცენტის სუბსიდირება საერთო ჯამში 235 მილიონი ლარი დაჯდა. ასევე 210 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით.

კომერციული ბანკების მიერ სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობაზე ყველაზე დიდი მოცულობის - 1.23 მილიარდი ლარის სესხები "თიბისი ბანკს" აქვს გაცემული, მეორე ადგილზეა "საქართველოს ბანკი" სოფლის მეურნეობაზე გაცემული 1.22 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელით, მესამეზე კი "კრედო ბანკი" 993 მილიონი ლარის საკრედიტო პორტფელით.

# ბანკი სოფლის მეურნეობაზე გაცემული საკრედიტო პორტფელის ზომა ლარებში 2025, მეორე კვარტალის მდგომარეობით:
1 თიბისი ბანკი 1,23 მილიარდი ლარი;
2 საქართველოს ბანკი 1,22 მილიარდი ლარი;
3 კრედო ბანკი 993 მილიონი ლარი;
4 ლიბერთი 631 მილიონი ლარი;
5 ბაზისბანკი 169 მილიონი ლარი;
6 ტერა ბანკი 140 მილიონი ლარი;
7 მიკრობანკი კრისტალი 97 მილიონი ლარი;
8 ქართუ ბანკი 42 მილიონი ლარი;
9 პროკრედიტ ბანკი 27 მილიონი ლარი;
10 ხალიკ ბანკი 16 მილიონი ლარი;
11 იშბანკი 16 მილიონი ლარი;
12 მიკრობანკი ემბისი 13 მილიონი ლარი;
13 სილქ ბანკი 4 მილიონი ლარი;
14 ზირაათ ბანკი 2 მილიონი ლარი;
15 პაშა ბანკი 2 მილიონი ლარი;
16 VTB 1 მილიონი ლარი;

კომერციული ბანკების დაკრედიტება სექტორების მიხედვით
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები