საქართველოს მთავრობამ 2017-2020 წლების სოფლიოს მეურნეობის განვითარების სტრატეგია წარმოადგინა და საკვანძო საკითხები განსაზღვრა. სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს ორი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, უფრო კონკრეტულად თუ რას ითვალისწინებს აღნიშნული სტრატეგია „ბიზნესკონტრაქტთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე საუბრობს.
-ბატონო ნოდარ, რა არის აღნიშნული სტრატეგიის ძირითადი მიზნები, 2017-2020 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობაში პრიორიტეტი რა იქნება?
-ეს არის 2017-2020 წლების სოფლის განვითარების ახალი სტრატეგია. ამ სტრატეგიის მთავარი ხედვა და მიზანი არის სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომელიც მრავალფეროვან ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, ხელმისწავდომ სიკეთეებსა და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე იქნება დაფუძნებული. ასევე აღნიშნული სტრატეგია სამოქმედო გეგმას მოიცავს და 2017 წლის სამოქმედო გეგმა უკვე დამტკიცებულია იმ სამი ძირითადი პრიორიტეტების მიხედვით, რომელიც მე ვახსენე, გაწერილია კონკრეტული პროგრამები. ასევე აქ ჩართულია დონორი ორგანიზაცია. კერძოდ, ევროკავშირის მიერ ხდება აღნიშნული მიმართულების მხარდაჭრა, ’’ენპარდის“ მეშვეობით. ეს პროექტი ადრეც ხორციელდებოდა და წელს მისი მესამე ფაზა დაიწყება. ჯამში 179 მილიონ ევრომდეა საუბარი ევროკავშირის მხრიდან და მიმდინარე წელს უწყებათაშორისი სამუშაო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით შეიქმნა უკვე 2018-2019 და 2020 წლების სამუშაო გეგმებს შეიმუშავებს.
-როგორ აპირებს სახელმწიფო სოფლის მეურნეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, როგორ აპირებთ სოფლებში დოვლათის შექმნას?
-სოფლის განვითარება სწორედ ამას გულისხმობს, რომ სოფლად უნდა წახალისდეს და ხელი შეეწყოს ყველა იმ მიმართულებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობას, რომელიც იქ არსებობს და არა მარტო სოფლის მეურნეობას. ეს არის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება, აგროტურიზმის განვითარება სოფლად და ყველა ის შესაძლებლობა, რაც სოფლის არეალში არსებობს და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას უწყობს ხელს. სწორედ ამაზეა ეს სტრატეგია ორიენტირებული, რომ სოფლად მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიცირებას.
-ამ სტრატეგიაში უცხოური ინვესტიციების და ადგილობნრივი ბიზნესების ჩართულობაც პრიორიტეტულია ზოგადად სოფლის განვითარებაში?
-რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური ინვესტიციები და იგი წახალისებულია სოფლად ეკონომიკური აქტივობის განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის.
-მოსახლეობის ნახევარი, რომელიც დასაქმებულად ითვლება, ძალიან მცირე პროდუქტს ქმნის მთლიან შიდა პროდუქტში, დაახლოებით 9%-ზე ცოტა მეტს. შესაბამისად, ქვეყანაში ადამიანის რესურსის არაეფექტიანი გამოყენება ხდება. არის თუ არა სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში გაწერილი მეტი სამუშაო ადგილის შექმნა?
-რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია ალტერნატიულ თუ სხვა ეკონომიკური შესაძლებლობების წახალისებაზე, სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ხელი შეეწყოს და მხარი დავუჭიროთ სოფლად ისეთი ეკონომიკური აქტივობების განვითარებას, რომელიც მეტ ღირებულებას ქმნის. სწორედ ამიტომაც ვახსენებთ აღნიშნულ სტრატეგიაში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას და სოფლად ტურიზმის განვითარებას და ა.შ. სადაც მეტი დოვლათი იქმნება და მეტი დასაქმების შესაძლებლობა არსებობს.

























