სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ 2018 წლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის დარგში პროდუქციის მთლიანი გამოშვების მოცულობა 4 მილიარდ ლარს შეადგენდა, აქედან 1.8 მლრდ მემცენარეობაზე, 2 მლრდ მეცხოველეობაზე, 200 მილიონი ლარი კი სასოფლო-სამეურნეო მომსახურებაზე მოდიოდა. მთლიანობაში სექტორის ზომამ გასულ წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7.7% შეადგინა, რაც გასული წლების მინიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, ცალკეული მიმართულებებით გაზრდილი წარმოების მიუხედავად, სოფლის მეურნეობის სექტორის მთლიანი გამოშვება წლიდან წლამდე განსაკუთრებული ზრდით არ გამოირჩევა.

























