მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის განვითარებისთვის"

5bdada7a134dc
BM.GE
01.11.18 14:49
559
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ შეისწავლა პროგრამის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები და მისი აღდგენა ანალიზის საფუძველზე მოხდა. ,,ეს არის პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის განვითარებისთვის. ამ პროგრამაში, თვითონ პროექტების შერჩევის პროცესი არის საინტერესო, რადგან პროექტებს არჩევს უშუალოდ სოფლის მოსახლეობა, სოფლის კრების გზით. ეს არის თვითმმართველობის განვითრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან უშუალოდ ამა თუ იმ სოფლის მაცხოვრებლები. აქედან გამომდინარე, ეს პროგრამა არის ძალიან საინტერესო დღესაც. ინტერესი მცირე პროექტების დაფინანსების ნაწილში კვლავ არსებობს და განსაკუთრებით სოფლებში.“

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომელთა ღირებულება 50 000 ლარი და მეტია, თუმცა, ხშირად სოფლებს აქვთ ისეთი მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების საჭიროებები, როგორებიცაა - სკვერების მოწესრიგება, უბნის და შეკრების ადგილების კეთილმოწყობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა, მცირე სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ უბნის მოსახლეობისთვის იქნება სასარგებლო.

„ეს პროგრამა აღვადგინეთ არა იმ მასშტაბით რა მასშტაბითაც იყო და მივმართეთ მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც მის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. მისი ბიუჯეტი არის, დაახლოებით 20 მილიონი ლარი. გავითვალისწინეთ ბიუჯეტის აუთვისებლობის შესაძლებლობაც, ანუ იმ შემთხვევაში თუ პროექტების რაოდენობა ან თვითონ პროექტები არ იქნება ისეთი, რომელიც ამ პროგრამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს ეს თანხა იქნება მიმართული ისევ რეგიონული განვითარების ფონდში და მოხმარდება ისევ მუნიციპალურ საჭიროებებს. ჩვენ შევისწავლეთ ამ პროგრამის, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები და ყველაფერი გავითვალისწინეთ.“, - განაცხადა მინისტრმა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა 2019 წლიდან იგეგმება.


გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები