მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" ფუნციონირებას განსხვავებული სახით განაგრძობს

585636d40d77d
BM.GE
18.12.16 11:10
2982
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" 2007 წლიდან ხორციელდება. პროგრამით სოფლებს მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების დამოუკიდებლად განხორციელების საშუალება ეძლეოდათ.

თანხა, რომელსაც მუნიციპალიტეტები "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ყოველწლიურად იღებდნენ, 2017 წლიდან აღარ გამოიყოფა, - თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის კახაბერ გულედანი საუბრობს.

-”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გაუქმებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. გასაგებია, რომ მის შეჩერებაზე გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო, თუმცა, როგორც გავიგეთ ის კი არ ჩერდება, არამედ მისი ფორმა იცვლება?

-ჩვენი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში განსახილველად რეგიონული ფონდების ნაწილში 260 მილიონი წარადგინა. რაც შეეხება "სოფლის მხარდაჭერის პროგრამას", იგი შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი იყო, რომ მოსახლეობის ჩართულობა ყოფილიყო და ამ ჩართულობით ის პრიორიტეტები განესაზღვრათ, რომლითაც შემდეგ ამ პროექტებს შეარჩევდნენ. ეს არ იცვლება. მოსახლეობის ჩართულობა კვლავაც გაგრძელდება, უბრალოდ ამ პროცესს ფორმა ეცვლება. აღნიშნულზე მუშაობა მიმდინარეობს და მალე შესაბამისი ცვლილებები შევა. არსებობს ასეთი მთავრობის დადგენილება - 23-ე დადგენილება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი თანხებით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების წესს არეგულირებს და სწორედ ამ წესში შევა ცვლილებები და შემდეგ უკვე საჭიროებების გათვალისწინებით აღნიშნულ პროექტებში მოსახლეობის ჩართულობას მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ. შედეგად, თუ წინა წლებში ეს თანხა 50 მილიონით შემოიფარგლებოდა და 50 მილიონის ფარგლებში ხდებოდა მოსახლეობის გამოკითხვა, მათი პრიორიტეტების განსაზღვრა და შემდეგ პროექტების შერჩევა, ახლა ეს პირიქით უკეთესობისკენ შეიცვლება, ახალი რეგულაციებით მათი მეტი ჩართულობა იქნება და საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რომ ბიუჯეტის ხარჯვა უფრო ეფექტურად მოხდება და მასში მეტი წილი ის საჭიროებები იქნება გათვალისწინებული, რომელიც მოსახლეობას აქვს.

-გამოდის, რომ მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმდება, რომელიც შემდეგ შესაბამის სამინისტროს გამოუგზავნის საჭიროებების ნუსხას, რომელიც ხელთ აქვს თუ ეს ყველაფერი როგორი პრინციპით მოხდება?

- მუნიციპალიტეტების მხრიდან მოსახლეობასთან კოორდინაციაში იმ პროექტების შერჩევა მოხდება, რომლებიც იმ რეგიონში უფრო მნიშვნელოვანია. გადაირჩევა და პრიორიტეტების მიხედვით დახარისხდება და დალაგდება. შემდეგ უკვე გამოყოფილი ბიუჯეტის გათვალისწინებით მოხდება მათი განხორციელება.

-ამ ყველაფერს ადგილობრივ თვითმმართველობებს ვინ გაუკონტროლებს, რომ მუნიციპალიტეტების ფარგლებში სუბიექტური შერჩევები არ მოხდეს, რამე კონტროლის მექანიზმი თუ არსებობს?

-თვითმმართველობების კონტროლის მექანიზმი ამ პროექტების შერჩევისას, რომ იქ კიდევ შიგნით რაიმე ნეპოტიზმს არ ქონდეს ადგილი ეს ვფიქრობ, რომ ჩვენი სამინისტროს ფუნქცია არ არის. ვიცი, რომ სამინისტრო აკონტროლებს და უყურებს პროექტებს. აღნიშნული პროექტები ჩვენთანაც იხილება და ვნახულობთ რამდენად საჭიროა და პრიორიტეტების მიხედვით სწორად რამდენად არის დალაგებული, ხოლო იქ უკვე ადგილზე მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ ამ საჭიროებებს. თანხების გადანაწილება წარმოდგენილი პროექტების მიხედვით ხდება. აქ გარკვეული პროპორციებია დასაცავი, რომ არ დაიჩაგროს რომელიმე მუნიციპალიტეტი და ვთქვათ მთელი თანხები სხვა რეგიონში არ წავიდეს. ეს პრაქტიკა არსებობს და პარიტეტი რეგიონებს შორის დაცული იქნება.

-აღნიშნული თანხის განაწილება წლის დასაწყისში ერთჯერადად მოხდება თუ შემდეგ ეტაპობრივად მოხდება?

-ახლა მომდევნო წლის პროექტები იგეგმება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი დაფინანსება ერთიანად მოხდება. ამ პროექტების უმეტესი ნაწილი უკვე დაპროექტებული იქნება მზა პროექტებად, რომლებიც შესაძლებელი იქნება, რომ მომდევნო წლიდან უკვე დაიწყოს, თუმცა, შესაძლოა ისეთი პროექტებიც იყოს, რომლებიც ჯერ დაპროექტებული არ არის. თანხების ხარჯვა იმის შესაბამისად მოხდება მომდევნო წელს სამუშაოები როგორ შესრულდება. ერთიანად ამ თანხის გაცემა არ ხდება. მინდა აღვნიშნო, რომ მართალია, ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ“ ტრანსფორმაცია განიცადა და ასეთი მუხლით აღარ იქნება 2017 წლის ბიუჯეტში ჩადებული, მაგრამ ის პროექტები, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2016 წელს დაიწყო და რომლების დასრულებაც მიმდინარე წელს არ ესწრება, ამ პროექტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ისინი ჩვეულებრივ რეგიონალური ფონდებიდან დაფინანსდება და დასრულდება. ქვემო ქართლში ერთი საინტერესო პროექტი მიმდინარეობს საპილოტე რეჟიმში, რომელიც წლის ბოლოს სავარაუდოდ დამთავრდება. ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით მოსახლეობის გამოკითხვა ხდება მუნიციპალიტეტების, სოფლების და დასახლებების მიხედვით. მათი მოთხოვნები და საჭიროებები დგინდება, კონკრეტულად რომელ დასახლებას თუ სოფელს რა მოთხოვნა აქვს, რა სურს, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს. ეს ინფორმაცია ამ რეგიონში წლის ბოლოს თავს მოიყრის, იმ პრიორიტეტების მიხედვით დასორტირდება, რასაც მოსახლეობა ითხოვს და უკვე მუნიციპალიტეტებს საშუალება ექნებათ დაინახონ მოსახლეობას რა საჭიროებები აქვთ და შემდეგ, ამის შესაბამისად მოახდინონ დაგეგმვა. რეგიონებს თავიანთი ადგილობრივი ბიუჯეტები აქვთ, რომელსაც თავად განკარგავენ. ცენტრალური მთავრობიდან რეგიონალური ფონდებით ხდება ტრანსფერების გაცემა და არის ადგილობრივი შემოსავლებიც, ადგილობრივი ბიუჯეტი.

-ქვემო ქართლის ეს მაგალითი, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, შესაძლებელია თუ არა, რომ სხვა რეგიონებზეც განევრცოს?

-ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტებმა და ამ ასოციაციამ დაგეგმეს და რა თქმა უნდა, ჩვენც საქმის კურსში ვართ და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროექტი სასარგებლო იქნება. ამჟამად ამ საპილოტე პროგრამის შედეგებს ველოდებით და ალბათ შემდგომში სხვა მუნიციპალიტეტებსაც მივაწვდით ინფორმაციას და თუ მათაც მოეწონებათ არ იქნება ცუდი მაგალითი. ქვემო ქართლის შემთხვევაში წლის ბოლომდე შედეგებს ველოდებით.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები