მერძევეობის მიმართულებით მოქმედი ბიზნესგაერთიანებები დარგში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. ერთი მხრივ „სკინტლისა და რძის სკანდალისა“ და მეორე მხრივ „სოფლის ნობათის“ იმპორტირებულ რძის პროდუქტში აფლატოქსინის აღმოჩენამ, მათი ინფორმაციით, დარგის წარმომადგენლები გამოწვევების წინაშე დააყენა.
„საქმის კურსთან“ საუბრისას რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახაბერ კონიაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანიდან შემოტანილ რძეში „აფლატოქსინის“ აღმოჩენის გამო, „სოფლის ნობათის“ გაყიდვები ფაქტობრივად განულებულია, რითაც მერძევე ფერმერებიც ზარალდებიან.
„ამ კონკრეტულმა შემთხვევა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა გადამმუშავებელ კომპანიებს და მათ მიმწოდებელ ფერმერებს, რადგანაც ერთი ციკლია, თუ კომპანია ვერ ამუშავებს, ვერ ყიდულობს რძეს, ფერმერიც იძულებულია რაღაც მოუხერხოს იმ რძეს, რომელიც მან ვერ მიჰყიდა კომპანიას. ამ კონკრეტულმა შემთხვევამ დარგს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. „სოფლის ნობათის“ გაყიდვები ფაქტობრივად განულებულია, ასევე დიდი ზიანი მიადგა სხვა მოთამაშეებს. ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ აზერბაიჯანულ რძეში აღმოჩნდა პრობლემა და არა ქართულ რძეში, რომელიც ყოველდღიურად მოწმდება“, - აცხადებს კონიაშვილი.
მერძევეობის სექტორში რთულ ვითარებაზე საუბრობს საქართველოს მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარე და კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძეც, რომელიც ამბობს, რომ „ყვარლის ბაგის“ და „ჩირინას“ გარშემო ატეხილმა სკანდალმა, გადამმუშავებლების მხრიდან რძეზე მოთხოვნა შეამცირა, რის გამოც მერძევე ფერმერების ნაწილს რძის გადაღვრა მოუწიათ.
„ადგილობრივი ფერმები ცუდ დღეში ჩავარდნენ, რადგან ჩამბარებელი რძეს აღარ იბარებს და ფერმერებს რძის გაყიდვა უჭირთ.
„პეპსიკო“ [სოფლის ნობათი] ძლიერი კომპანიაა, რომელიც დარწმუნებული ვარ, გადაიტანს და მომხმარებელს აუხსნის. უფრო მეტად ფერმერები დაზარალდნენ, რადგან მათ საქონლისთვის საკვების შეძენა ნაღდ ფულზე უწევთ, მათ რძის გაყიდვა გაუჭირდათ, ზოგმა გადაღვარა, ზოგმა მინიმალურ ფასად გაყიდა, რადგან რძეს შენახვის პირობები აქვს. ეს ყველაფერი პრობლემაა“, - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.
დარგობრივ გაერთიანებებში აცხადებენ, რომ დღეს დახლზე უვნებელი პროდუქტი იყიდება და მომხმარებელი სრულად დაცულია. ისინი მიესალმებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო სამსახურის მიერ საზღვარზე იმპორტირებული რძის შემოტანის ყველა ფაქტის შემოწმებას, რადგან ეს ადგილობრივ ბაზარზე დაბინძურებული რძის პროდუქტების შემოსვლის პრევენციას მოახდენს.