მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფო ჭყონია: “კადრების მოძიების მიმართულებით პრობლემა შეგვექმნა”

60d38799d970c
ნინი ლონგურაშვილი
23.06.21 23:09
5653
„კოკა-კოლას“ ძველი ქარხნის ტერიტორიაზე მშენებარე საგანმანათლებლო ცენტრი პირველ სტუდენტებს 2022 წლის შემოდგომიდან მიიღებს. როგორც "საქმიან დილაში" პროექტის ავტორმა, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა სოფო ჭყონიამ აღნიშნა, ცენტრისთვის კადრების მოძიების კუთხით პრობლემები შეექმნათ, ამიტომ ადგილობრივ კადრებს მოწვეული ექსპერტები გადაამზადებენ.

“სამწუხაროდ, კადრების მიმართულებით პრობლემა შეგვექმნა, რადგან საქართველოში იმ მეთოდით და ტექნოლოგიებით არ ვითარდება მოდის ინდუსტრია, როგორც - მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ამიტომ გადავწყვიტეთ, პირველ ეტაპზე, როდესაც სკოლა დაიწყებს ფუნქციონირებას, მსოფლიოს წამყვანი სკოლებიდან ჩამოვიყვანოთ ექსპერტები, პროფესორები, რომლებიც მოამზადებენ ადგილობრივ კადრებს და შემდეგ უკვე დასაქმდებიან ამ სკოლაში, გარდა იმისა, რომ ასწავლიან სტუდენტებს“, - ამბობს სოფო ჭყონია.

მისივე თქმით, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო სკოლასთან პარტნიორობის კუთხით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ცენტრში სხვადასხვა მიმართულებაზე საზღვარგარეთიდან მოწვეული პროფესორები სტუდენტებს მოდას, დიზაინს, ხელოვნებას, თეატრალურ კოსტიუმირებას შეასწავლიან.

„ჩვენ მათთან მემორანდუმის საშუალებით ვითანამშრომლებთ. თავიდან ვიფიქრეთ, ერთი კონკრეტული საერთაშორისო სკოლა აგვერჩია, თუმცა ყველას თავისი უპირატესობა აქვს და ერთი ძლიერი მხარე. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ყველასგან საუკეთესო იდეები შემოგვეტანა“, – აღნიშნა სოფო ჭყონიამ.

ცნობისთვის: „კოკა-კოლას“ ძველი ქარხნის ტერიტორიაზე, თბილისში, წერეთლის გამზირზე არამხოლოდ საგანმანათლებლო ცენტრი განთავსდება, აქვე იქნება სხვა სივრცეებიც. მაგალითად, კინოსტუდია, საკონცერტო დარბაზი, სატელევიზიო სივრცეები და ტექნოლოგიური ჰაბიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები