ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საფინანსო კომპანია -„ჯაბა კრედიტის“ მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა,- ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"დეპუტატმა დაზარალებულებს დეტალურად გააცნო მოკვლევის შედეგები, რომელიც მათ საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებებისგან მიიღო.
სოფო კილაძემ მოქალაქეებს მხარდაჭერა აღუთქვა საკუთარი ქონების დაბრუნების საქმეში და დაპირდა შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციის ხელშეწყობას.
უკვე 6 თვეა, დაზარალებულები მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან კუთვნილი თანხების დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
თანხების მითვისების საქმეს პროკურატურა იძიებს. გამოძიების ფარგლებში, ასეულობით ადამიანი დაიკითხა. კომპანიიდან ამოღებულია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები",- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ კომპანია "ჯაბა კრედიტის" წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს. ისინი აცხადებენ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან კუთვნილი თანხების დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

























