მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოფო კილაძე: შრომის უსაფრთხოების კუთხით სანქციები გასამკაცრებელია

5ca32f3679ad3
დავით ჯალაღონია
02.04.19 13:44
700
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის მოსაზრებით, საქართველოში, შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობაში სანქციები გასამკაცრებელია და ასევე, კანონის აღსრულების მექანიზმები გასაუმჯობესებელია.

ასე გამოეხმაურა კილაძე პარლამენტში, გუშინ ჭავჭავაძის N5–ში მიმდინარე მშენებლობაზე ორი მუშის გარდაცვალების ფაქტს.

"პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო დაღუპული მუშაკების ოჯახებს და ვუსურვო გამძლეობა ამ ტრაგედიის გადასატანად.

სიტუაცია ნამდვილად ძალიან მძიმეა და ჩვენი არაერთი რეფორმის მიუხედავად, შრომის უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მაინც გვყავს გარდაცვლილები სამუშაო ადგილებზე. ფაქტია, რომ ჩვენი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა ვერ იცავს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ჩვენი კანონები არ არის საკმარისად ეფექტიანი იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანები, ჩვენი აღსრულებაც არ არის საკმარისად ეფექტიანი იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანები და ფაქტია ის, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი უპასუხისმგებლო კომპანიის კოლოსალური მოგებების გამო, ადამიანები იღუპებიან და მათ სანქციების შიში არ აქვთ?

რა არის გამოსავალი ამ შემთხვევაში? – ჩემი აზრით, გასამკაცრებელია სანქციები და გასაუმჯობესებელია აღსრულება. ბუნებრივია, აღსრულების გაუმჯობესებას სჭირდება მეტი თანხები საქართველოს ბიუჯეტიდან და თუ ჩვენ ფინანსთა მინისტრი გვეტყვის, რომ მას არ აქვს ეს თანხები, მე მგონია, რომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ეს თანხები. მე დაუშვებლად მიმაჩნია, ზოგიერთი კომპანიის ბიზნეს ინტერესის დაცვა ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების ხარჯზე", – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის #5-ში სამუშაოების განმახორციელებელ ძირითად კომპანია შპს "ლეჩკომბინატს", აღნიშნულ ადგილზე სამუშაოების წარმოების უფლება დროებით შეუჩერდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალპროფილური კლინიკა შენდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები