"სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ სემეკის მიერ რეგულირებად აბონენტებს გაზი 7-დან 15 თეთრამდე გაუძვირდა. სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილებით, „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებლები 1 მ3 ბუნებრივ გაზში დღგ-ს ჩათვლით, 56.94 თეთრს გადაიხდიან, „საქორგგაზის“ აბონენტები კი - 57.011 თეთრს. ეს ერთიანი ტარიფებია, რადგან დღემდე ორივე კომპანიის არეალში ათეულობით განაწილების ლიცენზიანტი მუშაობდა, რომელთაც სრულიად განსხვავებული ტარიფები ჰქონდათ.
მაგალითად, „სოკარ ჯორჯია გაზის“ არეალში სს „გარდაბანგაზი“ ფუნქციონირებდა, რომლის აბონენტები 1 მ3 ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის 41.89 თეთრს იხდიდნენ, მარნეულის მუნიციპალიტეტში კი 47 თეთრს. გარდა ამისა, თუ „საქორგგაზის“ არეალში სს „კასპიგაზის“ აბონენტებისთვის 1 მ3 ბუნებრივი გაზი 50.04 თეთრი ღირდა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ტარიფი 42.350 თეთრი იყო.
„რეგიონებში დღემდე მოქმედებდა ძალიან ბევრი ტარიფი. ორივე კომპანია წარმოადგენს რეგიონული კომპანიების ბაზაზე შექმნილ კომპანიებს, ნაწილი მცირე ლიცენზიანტებისა შევიდნენ ამ კომპანიებში და შესაბამისად, ტარიფების რაოდენობა იყო ძალიან ბევრი. გარდა ამისა, ამ ორივე არეალში მოქმედებს და ორივე კომპანია იყენებდა ე.წ. დერეგულირების ბრძანებით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას შეუძლია თავად განსაზღვროს ტარიფი", - განუცხადა ჟურნალისტებს ირინა მილორავამ სემეკის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება დერეგულირებულ აბონენტებს, მისი განმარტებით, „თუ ენერგეტიკის სამინისტრო გააუქმებს დერეგულირების ბრძანებას, ანალოგიურად ყველა მომხმარებლისთვის, მიუხედავად იმისა, როდის მიუერთდნენ ისინი ქსელს, ტარიფი ერთიანი იქნება".
აღსანიშნავია, რომ როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა, დერეგულირების ბრძანება გაუქმდება და ქსელზე 2007 და 2008 წლების შემდეგ მიერთებული აბონენტებისთვის სემეკის მიერ დადგენილი ახალი ტარიფები შევა ძალაში.

























