მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოკარი": ფერმერებს ევრო 4-ის დიზელს სპეციალური ფორმულით დადგენილ ფასად მივაწვდით

5ebebc42c95eb
ვიქტორია მღებრიშვილი
15.05.20 19:52
4410
სახელმწიფოს მიერ 12 მაისს წარმოდგენილი, სოფელზე ზრუნვის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებს იაფ დიზელს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" მიაწვდის.

საქართველოს პრემიერ-მინისტის განცხადებით, ფერმერები 1 ჰა მიწის ფართობზე 150 ლიტრ საწვავს მიიღებენ, რომლის ღირებულება ლიტრზე, საბაზრო ღირებულებაზე 1 ლარით ნაკლები იქნება. გიორგი გახარიას განცხადებითვე, იაფი აგრო დიზელის პროგრამა მხოლოდ კრიზისის პერიოდში არ იმოქმედებს და ის შემდეგ წლებშიც გაგრძელდება. როგორც შემდგომში სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა, აღნიშნული ინიციტივა თავად პრემიერს ეკუთვნის.

დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაფორმებული მემორანდუმის თანახმად კი ფერმერები 1 ლიტრ დიზელს მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან, 16 თეთრის ფასდაკლებით შეიძენენ.

BM.GE აღნიშნულ პროგრამაში სახელმწიფოს კონტრაქტორ კომპანიას "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორს ლევან გიორგაძეს დაუკავშირდა და სთხოვა განემარტა ის მექანიზმი, რომლითაც კომპანია ფერმერებს საშეღავათო ფასით მიაწვდის საწვავს.

ლევან გიორგაძის თქმით, "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" ევრო-4-ის დიზელს ფერმერებს განსაზღვრული ფორმულით მიაწვდის.

"კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, რომლითაც სახელმწიფო სტრუქტურები ყიდულობენ საწვავს, ელექტრონულ აუქციონზე ფასზე დაწევით, ჩვენ შემთხვევაში ფიქსირდება 5 პროდუქტი, მათ შორის არის ევრო-4-ის დიზელი, რომელსაც ფერმერებს შევთავაზებთ. ამ კონსოლიდირებულ ტენდერში ასევე არის 2 მეთოდი - ავტოგასამართი სადგურებიდან საწვავის გატანა და ნავთობბაზებიდან საწვავის გატანა. ეს ფასი დგინდება ყოველი თვის დასაწყისში.

ეს კონკრეტული შეთავაზება ფერმწრებს და სოფლის მეურნეობაში ჩართულ ბენეფიციარებს ეხება შემდეგნაირად: ავტოგასამართი სადგურებიდან კონსოლიდირებული ტენდერით დადგენილ ფასს ( 1.32 ₾) - 0.16 თეთრი, ხოლო ნავთობბაზიდან გატანის შემთხვევაში, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში დადგენილ ფასს (1.27₾) - 0.20 თეთრი", - განმარტავს ლევან გიორგაძე.

BM.GE-ს კითხვაზე, მიიღებს თუ არა კომპანია სახელმწიფოსგან სუბსიდიას, "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორი ამბობს, რომ კომპანია მაისიდან 2020 წლის ბოლომდე მხარდაჭერას აღმოუჩენს სახელმწიფოს.

"სახელმწიფო არაფერს ყიდულობს. ეს იყო სახელმწიფოს ინიციატივა, ამ პრინციპით მან კომპანიებს სთხოვა ფასების დაფიქსირება. ჩვენ დავაფიქსირეთ ყველაზე დაბალი ფასი და ვთქვით, რომ ჩვენ მზად ვართ ამ პროექტის ფარგლებში მხარდაჭერის კუთხით, რომ თქვენ მიერ იდენტიფიცირებულ ბენეფიციარებს ავტოგასამართი სადგურებიდან დიზელი მივაწოდოთ 2020 წლის მაისიდან წლის ბოლომდე ამ ფორმულის მიხედვით. ფულს იხდის ფერმერი", - განაცხადა ლევან გიორგაძემ.

ცნობისთვის, "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ავტოგასამართ სადგურებზე 15 მაისის მდგომარეობით "ნანო დიზელის" ღირებულება - 1.90 ლარია, ხოლო "ნანო ევრო დიზელის" - 2.02 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები