მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოხუმიდან ფრენას კიდევ ერთი სანქცირებული რუსული ავიაკომპანია იწყებს

IKAR თვითმფრინავი

32 წლის შემდეგ პირველად გახსნილი სოხუმის აეროპორტიდან კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Икар-ი დღეს იწყებს ფრენებს. ავიაკომპანია ოკუპირებულ აფხაზეთში ნიჟნი-ნოვგოროდიდან შეასრულებს რეისებს. თავდაპირველად ფრენა 6 მაისს გვიან ღამით უნდა შესრულებულიყო, თუმცა უკრაინული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო, 7 მაისისთვის გადაიდო.

ცნობისთვის, სოხუმის აეროპორტიდან პირველი რეისი 1 მაისს რუსულმა სანქცირებულმა ავიაკომპანია UVT AERO-მ უკვე შეასრულა. UVT AERO-ის მსგავსად Икар-ც სანქცირებულია და ევროკავშირის Air Safety List-შია. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ხვდებიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით, საერთაშორისო საჰაერო უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არიან და ევროკავშირის ტერიტორიაზე ოპერირება ეზღუდებათ, მათ ასევე ჩაკეტილი აქვთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეც.

Икар-ი 1997 წელს არის დაფუძნებული, როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, კომპანიის ფლოტია Boeing-სა და Embraer-ის წარმოების თვითმფრინავები. ავიაკომპანია ასრულებს როგორც რეგულარულ, ისე ჩარტერულ ფრენებს, ძირითადი მიმართულებები შიდა ფრენებია, თუმცა ასევე დაფრინავს დუბაიში, ანტალიაში, სტამბოლში.

აღსანიშნავია, რომ სოხუმის აეროპორტი, რომელიც სოხუმიდან 18 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, 1990-იან წლებში საომარი მოქმედების შემდეგ დახურული იყო. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) არ ცნობს სოხუმის აეროპორტის სტატუსს, მეტიც ორგანიზაციამ 2006 წელს გააუქმა აეროპორტისთვის მინიჭებული კოდი. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო საავიაციო რუკიდან სოხუმის აეროპორტი ფაქტობრივად გამქრალია.

სწორედ ICAO-ს მიმართა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, სადაც "მკაფიოდ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია საქართველოს უფლებამოსილი უწყების ნებართვის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის შესახებ". თუმცა "ქართული ოცნების" მთავრობა არ ამბობს, განიხილავს თუ არა საპასუხო ზომებს იმ რუსული ავიაკომპანიების მიმართ, რომლებიც საქართველოში დაფრინავენ.

"ოცნების" ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ კომპანიები, რომლებიც არღვევენ ოკუპაციის შესახებ კანონს, საქართველოში ვერ იფრენენ.

"აქედან გამომდინარე, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი არის გამოყენებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული სანქცირებული კომპანიები იფრენენ, მაგრამ ჩვენ მათზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ გვექნება, ეს არის ობიექტური გარემოება, ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, ჩვენი მხრიდან არაღიარებული და ასევე არაღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან", - ამბობს დავითაშვილი.

აღსანიშნავია, რომ შარშან რუსულმა ავიაკომპანიებმა - Red Wings-მა და Azimuth-მა ქართულ საავიაციო ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენეს. თბილისის და ბათუმის მიმართულებით რუსული ავიაკომპანიები უკვე რამდენიმე წელია დაფრინავენ. მათ ჯამში ბაზრის 8%-ზე მეტი უკავიათ. 2024 წელს რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით 624 154 მგზავრს მოემსახურნენ, აქედან Red Wings - 333 010; ხოლო Azimuth - 291 144 მგზავრი გადაიყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები