რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, დიმიტრი იადროვოს თქმით, მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მაისიდან მოსკოვმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლა აღადგინა, პირდაპირი რეისებით 70 000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა.
შეგახსენებთ, სოხუმში რეისები 32-წლიანი პაუზის შემდეგ 2025 წლის 1 მაისს განახლდა. ამჟამად, ფრენები ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ქალაქებიდან, მათ შორის მოსკოვიდან, ნიჟნი ნოვგოროდიდან, ხანტი-მანსიდან, სარატოვიდან და სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტიდან სრულდება.
რეისებს სანქცირებული რუსული ავიაკომპანიები UVT Aero, Ikar, iFly და RusLine ასრულებენ, მოსალოდნელია, რომ Nordwind Airlines-იც შეუერთდება მათ. ყველა ამ ავიაკომპანიას ევროკავშირში ფრენა ეკრძალება, ვინაიდან 2022 წლიდან რიგი რუსული ოპერატორები უსაფრთხოების შავ სიაში შეიყვანეს იმ მოტივით, რომ ისინი საერთაშორისო ავიაციის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდნენ.
ევროკავშირის გარდა, რუსულ ავიაკომპანიებს თავიანთი საჰაერო სივრცე 2022 წელს მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომაც აუკრძალა.
აღსანიშნავია, რომ სოხუმის აეროპორტი, რომელიც სოხუმიდან 18 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, 1990-იან წლებში საომარი მოქმედების შემდეგ დახურული იყო. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) არ ცნობს სოხუმის აეროპორტის სტატუსს, მეტიც ორგანიზაციამ 2006 წელს გააუქმა აეროპორტისთვის მინიჭებული კოდი. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო საავიაციო რუკიდან სოხუმის აეროპორტი ფაქტობრივად გამქრალია.
სწორედ ICAO-ს მიმართა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, სადაც "მკაფიოდ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია საქართველოს უფლებამოსილი უწყების ნებართვის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის შესახებ". თუმცა "ქართული ოცნების" მთავრობა არ ამბობს, განიხილავს თუ არა საპასუხო ზომებს იმ რუსული ავიაკომპანიების მიმართ, რომლებიც საქართველოში დაფრინავენ.




























