სოკოს მწარმოებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელ გვანცა დადალაურის აზრით, ბაზარზე საჭირო ლიტერატურისა და გამოცდილი ადამიანების სერიოზული დეფიციტია, რაც სოკოს წარმოების განვითარებას სერიოზულად უშლის ხელს.
ამის შესახებ მან BM.ge-ის განუცხადა.
"როდესაც სოკოს წარმოება დავიწყეთ, პრობლემები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო; იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს რაიმე სახის ლიტერატურა, იმისათვის, რომ გვესწავლა სოკოს კულტივაცია, უმეტესად გვიხდებოდა უცხოენოვანი ლიტერატურის მოძიება. ასევე არ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებთანაც შესაძლებელია კონსულტაციის გავლა. ის, ვინც არსებობს, ისიც მცირე რაოდენობით, გადასულები არიან მსხვილ წარმოებაზე, ამიტომ ძალიან რთულია მათგან რაიმე მოსაზრების მიღება და შემდეგ საკუთარ საწარმოში დანერგვა. გამომდინარე აქედან, გვიხდებოდა უცხოური მაგალითების განხილვა. ასევე პრობლემაა კვალიფიციური მუშახელი, ოჯახს გვიწევს მთლიანად ჩართვა; რთულია სხვას გადააბარო და პარალელურად სხვა საქმე აკეთო, რადგან შესაბამისი ცოდნა ადამიანებს არ გააჩნიათ", - აცხადებს დადალაური.
მისივე თქმით, კვალიფიციურ კადრებზე მმოთხოვნა არის, მაგრამ მოძიება ჭირს.
"ასევე, არ არის ჩატარებული არანაირი კვლევა სოკოს კულტივაციასთან დაკავშირებით. სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ აქვთ ინფორმაცია მცირე და საშუალო სოკოს მწარმოებლების შესახებ, რაც კიდევ უფრო ართულებს ჩვენი პროექტის წარმატებით განხორციელებას. სამომავლოდ ასოციაცია ვგეგმავთ მცირე და საშუალო ზომის მეწარმეების დახმარებას, 2020 წლიდან სურსათის ეროვნული სააგენტო დაიწყებს როგორც მებოსტნეობის მიმართულებით, ასევე სოკოს მიმართულებით საწარმოების შემოწმებას და გარკვეული სტანდარტების მოთხოვნას. ჩვენი უშუალო მიზანია, უმტკივნეულოდ ჩაიაროს ამ პროცესმა და სტანდარტების გამო ადამიანებს საწარმოების გაჩერება არ მოუწიოთ", - განაცხადა სოკოს მწარმოებელთა ასოციაციის თანადამფუნებელმა გვანცა დადალაურმა.

























