სომხეთის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კომპანიათა ჯგუფ „ტაშირის“ ხელმძღვანელის, მილიარდერ სამველ კარაპეტიანის დაცვის მხარის შუამდგომლობა და ის პატიმრობიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანა. ინფორმაციას ბიზნესმენის ადვოკატი, არამ ვარდევანიანი ავრცელებს.
ადვოკატს არ დაუკონკრეტებია გირაოს ოდენობა, რომლის სანაცვლოდაც მილიარდერმა საპატიმრო დატოვა.
სამველ კარაპეტიანი მიმდინარე წლის ივნისში დააკავეს. მას ბრალად ედება:
- ხელისუფლების ხელში ჩაგდების საჯარო მოწოდებები;
- ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა;
- სუვერენიტეტზე უარის თქმა;
- კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი დამხობა.
მილიარდერის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა სომხეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც მან საჯაროდ დაუჭირა მხარი სომხურ სამოციქულო ეკლესიასა და ქვეყნის ხელისუფლებას შორის არსებულ კონფლიქტში ეკლესიის პოზიციას.
კარაპეტიანის დაკავების შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტმა, ვაგან ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც ბიზნესმენის კუთვნილი კომპანიის, „სომხეთის ელექტროქსელების“ ნაციონალიზაციის საშუალებას იძლევა.
თუმცა, ივლისში ბიზნესმენმა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟში დავა მოიგო. სასამართლომ სომხეთის ხელისუფლებას აუკრძალა ნებისმიერი ქმედება, რომელიც „სომხეთის ელექტროქსელების“ აქტივების ჩამორთმევას გამოიწვევდა.
ვინ არის სამველ კარაპეტიანი?
სამველ კარაპეტიანი რუსეთში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენია. ის ფლობს:
- კომპანიათა ჯგუფ „ტაშირს“;
- სავაჭრო-გასართობი ცენტრების ქსელ „რიოს“ (RIO).
კარაპეტიანის ჰოლდინგი აქტივებს ფლობს რუსეთში უძრავი ქონების, მშენებლობისა და მრეწველობის სექტორებში, სომხეთში კი მის საკუთრებაშია სომხეთის ელექტროსისტემა, რომელიც 2015 წელს Inter Rao-სგან შეიძინა. ამჟამად სომხეთის მთავრობა უკვე ამ სტრატეგიული აქტივის ნაციონალიზაციასაც გეგმავს.
სამველ კარაპეტიანის ბიზნესის წარმატება 1997 წლიდან იწყება, როდესაც ის კომპანია Kalugaglavsnab OAO-ს პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული კომპანია Gazprom-ისთვის ლოგისტიკური სერვისების მიწოდებით იყო დაკავებული. აღნიშნულის შემდეგ მან მოსკოვის უძრავი ქონების ბაზარზეც დაიწყო ინვესტიციების განხორციელება, 1999 წლიდან კი ამ ბიზნესების მართვისთვის ჰოლდინგური კომპანია Tashir Group-ი შექმნა. გლობალურ Forbes-ის მიერ მისი ქონების შეფასება 2016 წლიდან იწყება და ის აღნიშნულ პერიოდში 3.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. კარაპეტიანი მოსკოვის გარდა ერევანის უძრავი ქონების ბაზარზეც არის ინვესტირებული და მის საკუთრებაშია ქალაქის ორი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი.
სამველ კარაპეტიანი სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩაირანის პოლიტიკურ პარტიასთან არის დაკავშირებული. 2020 წელს სწორედ კარაპეტიანმა გადაიხადა 2 მილიარდი დრამის გირაო ქოჩარიანის საპატიმროდან გამოშვებისთვის, ხოლო კარაპეტიანის ძმა კარენ კარაპეტიანი ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის სიით სომხეთის პარლამენტის წევრი იყო.
Forbes-ის ვერსიით, ის რუსეთის მილიარდერების რეიტინგში 44-ე ადგილს იკავებს, მისი ქონება კი 3.2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.




























