სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანა საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგიის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდანაც განიხილავს.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული საკითხი ხელოვნური ინტელექტის სექტორში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებსა და ქვეყანაში გაზრდილ ენერგომოთხოვნას უკავშირდება. ფაშინიანის განმარტებით, ენერგომომარაგების სხვადასხვა რეჟიმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, აქვს თუ არა ერევანს მეზობელი სახელმწიფოებიდან დამატებითი სიმძლავრეების მიღების ტექნიკური შესაძლებლობა და რესურსი.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სომხური მხარე ანალოგიურ საკითხებს საქართველოსთან, ირანთან და თურქეთთანაც აქტიურად განიხილავს. ამასთან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს საზღვართან სპეციალური გარდაქმნის სადგური შენდება, რომელიც ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის პროცესს საგრძნობლად გააადვილებს.
საყურადღებოა, რომ 25 აგვისტოს ლაჩინში ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია Azerenergy-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ენერგიის მიმოცვლის პერსპექტივები და სახელმწიფო საზღვარზე ენერგოინფრასტრუქტურის მიერთების შესაძლო ვარიანტები დეტალურად განიხილეს.




























