სომხეთის სასურსათო პროდუქტების უსაფრთხოების საინსპექციო ორგანოს ინფორმაციით, საქართველოში ექსპორტირებული 11 000 ყვავილიდან, საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტიდან სომხეთში მხოლოდ 700 ცალი ყვავილი დააბრუნეს, 10 300 კი ქართულ ბაზარზე შემოვიდა. სომხურმა უწყებამ აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ სომხურ მედიას მიაწოდა.
სომხურ უწყებაში კი განმარტავენ, რომ ქართულ მხარეს 700 ყვავილის საზღვრიდან გამობრუნების მიზეზები არ განუმარტავს და დოკუმენტებიც არ წარუდგენია.
6 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სომხეთიდან შემოტანილი სხვადასხვა სახეობის 10 000 ცალი მოჭრილი ყვავილები მებაჟეებმა უკან გააბრუნეს. მიზეზად კი ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა დასახელდა, რაც მცენარეებზე მავნე მწერების დაზიანებით გამოიხატებოდა.
ცნობისთვის, სომხეთი ეკვადორის შემდეგ, საქართველოსთვის ყვავილების მთავარი იმპორტიორია, საიდანაც გასულ წელს ჯამში 3,2 მლნ აშშ დოლარის ყვავილი შემოვიტანეთ. წელს, პირველ ოთხ თვეში კი სომხეთიდან ყვავილების იმპორტმა 1,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.




























