სომხეთის მთავრობამ 9 იანვარს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა კანონპროექტი „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სხდომაზე საკითხი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა წარადგინა. მისი თქმით, ბოლო წლებში სომხეთსა და ევროკავშირს საკმაოდ ინტენსიური და დინამიკური ურთიერთობები აქვთ.
"ევროკავშირმა არაერთხელ გამოხატა თავისი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა სომხეთში დემოკრატიისადმი. მხედველობაში მაქვს ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის განლაგება. ევროკავშირმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებაში. აშკარაა, რომ ევროკავშირს აქვს ძალიან მდიდარი დემოკრატიული ტრადიციები, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, თავისუფალი კონკურენტული გარემო, თანამედროვე ეკონომიკა და მოწინავე მეცნიერება",- განაცხადა არარატ მირზოიანმა.




























