საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, სომხეთის ახალ ეროვნულ კრებაში [პარლამენტში] 4 პოლიტიკური ძალა შევა – ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმება“, სომეხი მილიარდერის სამველ კარაპეტიანის პოლიტიკური ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური ბლოკი „სომხეთი“ და ასევე სომეხი მილიარდერის გაგიკ წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“.
სომხური მედიის ინფორმაციით, მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდება:
- „სამოქალაქო შეთანხმება“ – 61 მანდატი
- ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 28 მანდატი
- ბლოკი „სომხეთი“ – 11 მანდატი
- პარტია „აყვავებული სომხეთი“ – 5 მანდატი
უკანასკნელ მომენტში „აყვავებულმა სომხეთმა“ 4-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოახერხა, რამაც ამ პოლიტიკურ ძალას პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მისცა.
4 ყველაზე მსხვილი ეროვნული უმცირესობისთვის გათვალისწინებული 4 მანდატიდან სამი „სამოქალაქო შეთანხმებას“ ერგება, ერთი – ბლოკ „ძლიერ სომხეთს“, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის მანდატების რაოდენობა 28 ხდება.
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მორიგ საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენების დათვლა დაასრულა. სომხური მედიის ცნობით, დათვლილია ყველა (2005-ვე) საარჩევნო უბნის შედეგები.
ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პირველი ადგილი დაიკავა პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“, რომელმაც 727 160 ხმა (49,81%) მიიღო.
მეორე ადგილზეა პარტიათა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, რომელმაც 340 062 ხმა (23,29%) მოიპოვა.
მესამე პოზიციას იკავებს პარტიათა ბლოკი „სომხეთი“, რომელსაც 145 097 ხმა (9,94%) აქვს.
მეოთხე ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც 58 368 ხმა (4,00%) დააგროვა.


















