სომხეთის საზღვრამდე რკინიგზის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა "ტრამპის მარშრუტზეც" (TRIPP) და თქვა, რომ ახალი სატრანსპორტო გზის პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია.
"TRIPP-ის განხორციელება უკვე დაიწყო. სულ ახლახან, პრეზიდენტ ტრამპთან საუბრისას ეს საკითხიც განიხილეს და არის მზაობა, რომ ეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პროექტი სწრაფად განხორციელდება. ამავდროულად, ყარაბაღის მეორე ომის დასრულებისთანავე, ჩვენ დაუყოვნებლივ შევუდექით როგორც რკინიგზის, ისე საავტომობილო გზების აღდგენას. მათ შორის, ნახიჩევანისკენ მიმავალი გზების მშენებლობას. რკინიგზის მშენებლობაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. რკინიგზა სომხეთის საზღვარს მომავალ წელს მიაღწევს", - განაცხადა ალიევმა.
„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ასევე ჰქვია ახალ სატრანსპორტო მარშრუტს სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს, ანუ ერთგვარი პარალელური გზა იქნება საქართველოზე გამავალი "შუა დერეფნისა".




























