რუსეთიდან სომხეთში, აზერბაიჯანის ტრანზიტით, სასუქებით დატვირთული ოთხი და წიწიბურით დატვირთული ერთი ვაგონი იგზავნება - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
კერძოდ, ბილაჯარის სადგურიდან ბოიუქ-ქესიკის მიმართულებით 271 ტონა სასუქით და 68 ტონა წიწიბურა გაიგზავნება.
The Caspian Post-ი იუწყება, რომ ტვირთი აზერბაიჯანის ტერიტორიას დღეს, 24 მარტს გაივლის. აღნიშნული ტრანზიტი სომხეთის სოფლის მეურნეობისა და სასურსათო მიწოდების ჯაჭვისთვის საკვანძო ლოგისტიკურ ოპერაციას წარმოადგენს.
მანამდე, სომხეთში მარცვლეულის გადაზიდვები აზერბაიჯანის გავლით ოფიციალურად ყაზახეთიდან დაიწყო: რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარი ყაზახური ხორბლით დატვირთულმა 15-მა სარკინიგზო ვაგონმა გადაკვეთა და აზერბაიჯანული მარშრუტით განაგრძო გზა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 21 ოქტომბერს ყაზახეთში ვიზიტისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე მანამდე არსებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ განაცხადა. ეს ნაბიჯი რეგიონული ვაჭრობის გამარტივებასა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას ემსახურება.
დღეის მდგომარეობით, სატრანზიტო რეჟიმში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში 23 ათას ტონაზე მეტი მარცვლეული და 700 ტონაზე მეტი სასუქია ტრანსპორტირებული.




























