მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთში, პატრიარქის რეზიდენციაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

სომხეთი

სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები პატრიარქის რეზიდენციაში სპეცოპერაციას ატარებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ვითარება დაძაბულია. NEWS.am-ის კორესპონდენტის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს შორის შეტაკებაც მოხდა. სპეცოპერაციის მიზეზს შირაქის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე წარმოადგენს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სომხეთის კათალიკოსი გარეგინ II საპატრიარქოდან გამოვიდა სასულიერო პირების დასამშვიდებლად, რის შემდეგაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იგი ალყაში მოაქციეს. პატრიარქმა შეკრებილებთან კომენტარიც გააკეთა.

„ჩვენ მივდივართ კრებაზე, სადაც განვიხილავთ ჩვენს საკითხებს და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს ჩვენს შემდგომ ქმედებებზე. უდავოა, რომ ყველანი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამართლიანობა გაიმარჯვოს ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი სასულიერო პირებისთვის, ჩვენი მღვდლებისთვის და, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის“, - განაცხადა პატრიარქმა.

ცნობისთვის, შირაქის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ 17 ივნისს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რაც ხელისუფლების ხელში ჩაგდების და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობისკენ საჯარო მოწოდებას ეხება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ეკლესიის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არაერთხელ გამოვიდა. რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ "სომხეთის პატრიარქი თუ ნებაყოფლობით არ წავა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო მას ქრისტიანული წესით გაიყვანს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები