მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხეთში სამველ კარაპეტიანის მხარდამჭერებმა პოლიტიკური პარტია „ძლიერი სომხეთი“ დაარეგისტრირეს

მილიარდერი

სომხეთში მილიარდერ სამველ კარაპეტიანის მხარდამჭერებმა პოლიტიკური პარტია „ძლიერი სომხეთი“ დაარეგისტრირეს. ინფორმაცია სომხეთის ელექტრონული რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდება.

დოკუმენტაციის მიხედვით, პარტია „ძლიერი სომხეთი“ დარეგისტრირებულია ალექსან ალექსანიანის, აშოტ ფარსიანისა და ლენა მატევოსიანის მიერ, რომლებიც მოძრაობა „ჩვენი გზის“ წევრები არიან. პარტიის იურიდიული მისამართი „ტაშირის“ კომპანიების ჯგუფის ერევნის ოფისშია მითითებული.

მოძრაობის პრესმდივანმა, მარიანა კაგრამანიანმა განაცხადა, რომ სამველ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით საორგანიზაციო პროცესი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს მომავალში ახალი პოლიტიკური ძალა საზოგადოებას წარუდგენს მკაფიო პოლიტიკურ დღის წესრიგსა და სომხეთის განვითარების ხედვას.

ცნობისთვის, სომეხ ბიზნესმენს, „ტაშირ ჯგუფის“ დამფუძნებელს სამველ კარაპეტიანს, ბრალი ედება ხელისუფლების ხელში ჩაგდების საჯაროდ მოწოდებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მისი ადვოკატების განცხადებით, საქმე უკავშირდება კარაპეტიანის მიერ 2025 წლის ივნისში სრულიად სომეხთა კათოლიკოსთან, გარეგინ II-სთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს, სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე. თავად კარაპეტიანი ბრალდებებს უარყოფს.

ამჟამად სამველ კარაპეტიანი პატიმრობაში იმყოფება. საახალწლო პერიოდში იგი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა შეუფარდეს, თუმცა 16 იანვარს, გვიან საღამოს, გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი კვლავ ციხეში დააბრუნეს.

ბიზნესმენი „ტაშირ ჯგუფის“ (Tashir Group) მფლობელია. რუსული Forbes-ის 2025 წლის აპრილის შეფასებით, მის ქონება 3,2 მილიარდ დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები