ეკონომიკის სამინისტრომ სომხეთთან დამაკავშირებელი რუსთავი-სადახლოს და რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწების დამატებითი ექსპროპრიაცია გამოაცხადა. ექსპროპრიაციის შესახებ მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და ის ძირითადად მარნეულის მუნიციპალიტეტში მიწების გამოსყიდვას ითვალისწინებს.
ანალოგიური ბრძანებები ეკონომიკის სამინისტროს მიმდინარე წლის მაისში, ასევე გასულ წელსაც ჰქონდა გამოცემული და მათი მეშვეობით პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი მიწების სახელმწიფოსთვის იძულების წესით გამოსყიდვა მოხდა.
აღნიშნული ბრძანების თანახმად, 989 კვადრატული მეტრის; 466 კვადრატული მეტრის; 1410 კვ. მეტრის; 247 კვ. მეტრის; 5120 კვ მეტრის; 1351 კვადრატული მეტრის; 23798 კვადრატული მეტრის, 171 კვადრატული მეტრის და 2982 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთების იძულებით გამოსყიდვა მოხდება.
კანონის მიხედვით, ექსპროპრიაციის შემთხვევაში საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელია მხოლოდ სამართლიანი და წინასწარი ანაზღაურების საფუძველზე. თუ მხარეები კომპენსაციის ოდენობაზე ვერ შეთანხმდებიან, დავა სასამართლოში გადაწყდება.
ცნობისთვის, სომხეთთან და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალი ქალაქ რუსთავში დაიწყება და ის წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით აშენდება. პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერები უკვე გამოცხადებულია (ლოტი 1 და ლოტი 2; ლოტი 3 და ლოტი 4).
პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, აშენდება 61.3 კმ, 4-ზოლიანი, გარე განათების სისტემით უზრუნველყოფილი ბეტონის ჩქაროსნული გზა, 26 ხიდითა და 11 სატრანსპორტო კვანძით, სადაც დაცული იქნება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი მოთხოვნა.
ახალი მაგისტრალის მშენებლობას EIB 250 მილიონი ევროს კრედიტით აფინანსებს. აღნიშნული სახსრების ათვისება მიმდინარე წლიდან უნდა დაიწყოს.
2025 წელს პროექტზე 190 მლნ ლარი, 2026-ში 280 მილიონი ლარი, 2027-ში 250 მილიონი ლარი, 2028 წელს კი 90 მილიონი ლარი დაიხარჯება.




























