საქართველოს მთავრობა სომხეთის დამაკავშირებელი სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას გეგმავს. 29.3-კილომეტრიანი გზის მშენებლობის ღირებულება 250 მილიონი ევრო იქნება, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებას წარმოადგენს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში BMG-ის განუცხადეს, რომ პროექტზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
"რაც შეეხება, რუსთავი - სადახლოს (ლოტი I-IV))“ (GTC/CS/QCBS-05) საავტომობილო გზის მონაკვეთების მშენებლობას, გაცნობებთ, რომ პროექტი (GTC II) განხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც გამოყოფილია სესხი 250 000 000 ევროს ოდენობით. ამ ეტაპზე მიმდინარებს აღნიშნული პროექტებისთვის საზედამხედველო კომპანიების შერჩევა-შეფასების სატენდერო პროცედურები. ზემოთხსენებული გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადება იგეგმება უახლოეს მომავალში,"- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხში.
ახალი მაგისტრალი ორ ლოტად არის დაყოფილი, მათ შორის პირველი ლოტია ალგეთი-არაფლოს 13-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალი, ხოლო მეორე არაფლო-სადახლის (სომხეთისსაზღვარი) 16.3-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალი.
ახალი გზა პროექტის თანახმად, მეტწილად არსებული გზის პარალელურად გაივლის.
გზის მშენებლობის დაფინანსების შესახებ საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის შეთანხმება 2019 წლის თებერვალში გაფორმდა, ხოლო 2020 წლის დეკემბერში თავად EIB-მა გამოაქვეყნა აღნიშნული მაგისტრალის გარემოზე ზემოქმედების ზეგავლენისა და სოციალური ზემოქმედების შესახებ ანგარიშები.